ბიძინა კვერნაძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

2017 წელს ჩავაბარე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის,ბიზნესის,სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, კერძოდ, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობაზე, რომელიც წარჩინებით დავასრულე 2021 წელს. დასრულებისთანავე ჩავაბარე და ამჟამად ვსწავლობ ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე იმიტომ, რომ ჩემი ფაკულტეტი და სპეციალობა არის ერთ-ერთი საუკეთესო  ჩვენს უნივერსიტეტში, ასევე სხვა  უნივერსიტეტებსაც აქტიურად უწევს კონკურენციას. ჰყავს შესანიშნავი ლექტორები და სასწავლო პროცესში სტუდენტს შეუძლია თეორიულ ცოდნასთან ერთად მიიღოს პრაქტიკული გამოცდილებაც. სწორედ ამიტომ ავირჩიე ეს სპეციალობა და უნივერსიტეტი.

2019 წლიდან დასაქმებული ვარ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურში. ალბათ, დამეთანხმებით, ძალიან საპასუხისმგებლოა ის ფაქტი, რომ შენსავე მშობლიურ უნივერსიტეტში იწყებ მუშაობას და უნივერსიტეტი გიცხადებს ნდობას,რომელიც აუცილებლად უნდა გაამართლო. ასევე ვარ ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობის ტუტორი,რაც გულისხმობს იმას, რომ პირველკურსელებს ვაწვდი მათთვის საჭირო და აუცილებელ ინფორმაციას, რათა გაუმარტივდეთ უნივერსიტეტის სასწავლო პროცესში ჩართვა და ადაპტაცია.

ვფიქრობ, ჩემი წარმატებული კარიერული გზის საფუძველი არის ის, რომ ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, საუნივერსიტეტო სივრცე, ასევე სტუდენტებთან კომუნიკაცია და მათი დახმარება. ვცდილობ, მაქსიმალურად მეგობრული დამოკიდებულება და ურთიერთობა მქონდეს სტუდენტებთან, რადგან უკეთ შევძლო მათთან კომუნიკაცია და დახმარება, რომელიც ყოველთვის არის შედეგზე ორიენტირებული. დღეში ასობით სტუდენტთან მიწევს კომუნიკაცია. თითოეული სტუდენტი არის ინდივიდუალური და სჭირდება განსხვავებული მიდგომა და ინფორმაციის განსხვავებულად მიწოდება, ვფიქრობ, ინფორმაციის მიწოდების ფორმას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა,რომელიც უნდა იყოს სტუდენტისთვის გასაგებად ახსნილი.

პროფესიის არჩევა ადამიანის ცხოვრებაში არის უმნიშვნელოვანესი პროცესი. საქმიანობიდან გამომდინარე, ძალიან ბევრ სტუდენტს ვხვდები, რომლებმაც, სამწუხაროდ, უნივერსიტეტში ჩაბარების და პროფესიის არჩევის შემდგომ მიხვდნენ, რომ არასწორი არჩევანი გააკეთეს და უნდათ სპეციალობის შეცვლა. ამიტომ, ყველას ვურჩევ, კარგად დაფიქრდეს პროფესიის არჩევის დროს და აირჩიოს მხოლოდ ის პროფესია, რომელიც მას მოსწონს, რადგან თუკი ადამიანს საკუთარი პროფესია არ უყვარს, ამ დროს კარიერულ წინსვლას და განვითარებას, რა თქმა უნდა, ვერ მიაღწევს.

სწავლის პერიოდში სტუდენტის მხრიდან აქტიურობა, ვფიქრობ, არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომაც, ყოველთვის ვცდილობდი, ვყოფილიყავი აქტიური სტუდენტი. თითქმის ყველა კონფერენციასა და პროექტში მაქვს მონაწილეობა მიღებული, რომელსაც უნივერსიტეტი გვთავაზობდა. ვფიქრობ, ამ ყველაფერმა ძალიან დიდ გამოცდილება და ცოდნა შემძინა და ხელი შეუწყო, მაქსიმალურად მომეხდინა საკუთარი ცოდნის რეალიზება.

ყოველთვის ვგრძნობდი და ახლაც ვგრძნობ დეკანისგან, დეპარტამენტისგან, სამსახურისგან  ხელშეწყობას და ყურადღებას, რაც მეხმარება ვიყო აქტიური და განვახორციელო სხვადასხვა იდეები.