გიორგი ნებიერიძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ-ერთი უძველესი და დიდი ტრადიციების მქონე უმაღლესი სასწავლებელია საქართველოში. მეორე მხრივ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, კერძოდ, ინგლისური ენის დეპარტამენტი გამოირჩევა განსაკუთრებით მაღალკვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლებით და სტუდენტების მიმართ დიდი მხარდაჭერით. ამ ყოველივეს დასტურია აღნიშნული ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა აკადემიური მიღწევები და წარმატებები, როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო მასშტაბით. მეამაყება, რომ ჩემი წარმატება, როგორც პროფესიონალის, სწორედ მათი დამსახურებაა.
განსაკუთრებული სურვილი მქონდა ევროპული ენებისა და კულტურის შესწავლის. ბავშვობაში ვოცნებობდი, რომ ისეთი მწერლები, როგორებიც არიან უილიამ შექსპირი, ჩარლზ დიკენსი, ჯეიმს ჯოისი და სხვანი, ორიგინალში წამეკითხა და ჩემი ოცნება რეალობად ვაქციე.
ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ სწავლა განვაგრძე ამავე ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე და მოვიპოვე ინგლისური ფილოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიღებული განათლების შესაბამისად ვარ დასაქმებული და ვემსახურები საყვარელ საქმეს განათლების სფეროში.
ამ ეტაპზე ვმუშაობ „მომავლის ბიზნეს სკოლაში“ ინგლისური ენის მასწავლებლად, აგრეთვე ხარისხის მართვის მენეჯერად. გარდა ამისა, ვარ უცხოური ენის ექსპერტი – ქოუჩი – სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში და ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სერტიფიცირებული სპეციალისტი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.
ჩემი წარმატებული კარიერული გზის საფუძველია თავდაუზოგავი შრომა, საქმისადმი უსაზღვრო პასუხისმგებლობა, მიზანდასახულობა, თვითგანვითარებისათვის მუდმივი ზრუნვა. ეს ყოველივე კი აკაკი წერეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერაბათა ფაკულტეტის, ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის დიდი დამსახურებაა.
პროფესიის არჩევის დროს ახალგაზრდებს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეთ ამ პროფესიის დანიშნულება და საკუთარი შესაძლებლობები. აუცილებლად უნდა ახასიათებდეთ პასუხისმგებლობის გრძნობა და მუდმივი მზაობა თვითგანვითარებისათვის.
უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში აქტიურად ვმონაწილეობდი სხვადასხვა სახის პროექტებსა და კონფერენციებში. მათ შორის გამოვარჩევ საგანმანათლებლო ხასიათის ვიზიტებს გაერთიანებულ სამეფოსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.
უნივერსიტეტის წარმომადგენელთა მხრიდან ყოველთვის ვგრძნობდი განსაკუთრებულ მხარდაჭერას, რაც დიდი მოტივაცია იყო ჩემთვის და ამისათვის კიდევ ერთხელ ვუხდი მათ მადლობას.
წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი დღემდე გულისხმიერად და მაღალპროფესიონალურად უძღვება სასწავლო პროცესს და მაქსიმალურად ცდილობს თითოეული სტუდენტისა თუ კურსდამთავრებულის მხარდაჭერას.