ნიკოლოზ წულაია – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

ჩემი პროფესია ავირჩიე იმიტომ, რომ: ისტორია ბავშვობიდან მიყვარდა, სკოლაში საუკეთესო მასწავლებელი მასწავლიდა. მამუკა თვალაძემ ჩამინერგა ისტორიისა და ჩემი ქვეყნის სიყვარული. სამი სპეციალობა მაქვს. პოლიტიკის მეცნიერების ბაკალვრის ხარისხი ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოვიპოვე. შემდეგ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ვიყავი. პარალელურად კერძო სკოლა „სხივში“ სამოქალაქო განათლებას ვასწავლიდი. სწავლების პროცესმა და განვითარების სურვილმა მაგისტარტურაზე ჩაბარებისკენ მიბიძგა. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ტერიტორიული სიახლოვის გამო ავირჩიე. მარტვილიდან ყველაზე ახლოს იყოს და მარტივად შემეძლო სახლიდან უნივერსიტეტამდე სიარული, თუმცა მქონდა შინაგანი ჟინიც. ჩემს ბაბუას, – პოლიკარპე ბაძაღუას ჰქონდა ეს უნივერსიტეტი დამთავრებული, მაშინ პედაგოგიური ერქვა და რაღაცნაირად მსურდა აწსუში სწავლებით ჩემს წინაპარს მოვფერებოდი.

აწსუ-ში მაგისტრატურაზე ვსწავლობდი, დამთავრების შემდეგ სწავლა ილიაუნის სამართლის სკოლაში გავაგრძელე. ამჟამად მსურს საქართველოს ისტორიის სადოქტორო პროგარამაზე ჩავაბარო, რა თქმა უნდა, ისევ აწსუში.

ამჟამად დასაქმებული ვარ შპს „სხივში“ და სსიპ ქ. მარტვილის N1 საჯარო სკოლაში, ისტორიას და მოქალაქეობას ვასწავლი. 2020-2022 წლებში პარალელურად სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სამოქალაქო განათლების საგნობრივი ექსპერტი ვიყავი.

ჩემი წარმატებული კარიერული გზის საფუძველი განვითარების შინაგანი წყურვილია. სწავლება ბევრ პასუხისმგებლობას მანიჭებს. XXI საუკუნემ ცვლილებები დააჩქარა. ვალდებული ვარ, ცხოვრების რიტმი ამ ცვლილებებს შევუთანხმო, რათა მოსწავლეებთან და საკუთარ თავთან მართალი ვიყო.

პროფესიის არჩევა რთული საქმეა. მით უფრო 17-18 წლის ასაკში. ახალგაზრდებს ვურჩევ, კარგად შეისწავლონ დააკვირდნენ სასურველ პროფესიებს, გამოიკითხონ სტუდენტებისა თუ კურსდამთავრებულებისაგან და მხოლოდ ამის შემდეგ აირჩიონ. სამი პროფესია მაქვს და არც ერთს არ დავთმობდი. დღეს რომ აბიტურიენტი ვიყო, ისევ იმ გზას ავირჩევდი.

აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში სწავლისას ჯგუფში ყველაზე უფროსი ვიყავი, ჩემი ასაკისა და სამუშაო დროის ნაკლებობის გამო არ მიმიღია საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობა.

აწსუს ადმინისტრაციასთან შეხება ნაკლებად მქონია. ზოგადად, საქართელოს ისტორიის მიმართულებას აწსუ-ში დიდი წარსული აქვს და დეპარტამენტიც კარგად იმართება. პროფესორ მასწავლებლები მუდამ ყურადღებიანები არიან და ქუთაისური თავაზიანობის ადრესატიც ხშირად ვყოფილვარ. განსაკუთრებით მინდა გამოვყო დეპარტამენტის ხელმძღვანელი სულხან კუპრაშვილი და ვლადიმერ წვერავა.

მინდა, აწსუ-ს ისტორიის სპეციალობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ავტორიზაცია მინდა მოვულოცო. ეს დეპარტამენტი კიდევ იტყვის თავის მნიშვნელოვან სიტყვას ისტორიის კვლევისა და სწავლების საქმეში. თავად უნივერსიტეტს კი ვუსურვებ განვითარებას.