თეონა მაჭავარიანი – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული
პროფესიის არჩევა ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტია თითოეული ადამიანისათვის. ამ დროს ირჩევ ორიენტირს, რომელმაც უნდა განსაზღვროს შენი მომავალი ცხოვრება.
ჩემს მომავალ პროფესიაზე არჩევანი ბავშვობიდან შევაჩერე. მსურდა, მასწავლებელი გამოვსულიყავი. მიზნის მისაღწევად ხშირად მივმართავდი როლურ თამაშებს, სადაც მე მასწავლებელი ვიყავი, ხოლო მოსწავლეები – ყვავილები, მცენარეები და თოჯინები იყვნენ. სკოლის დასრულების შემდეგ ბავშვურ აღტკინებას ხორცი შევასხი და 2004 წელს ჩავაბარე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. კარგად მახსოვს სტუდენტობის პირველი დღე და ემოცია, რომელიც მთელს შემდგომ პერიოდს წვეთ-წვეთად ასაზრდოებდა.
უნივერსიტეტის კედლებში ვისწავლე ბევრი რამ, არა მარტო პროფესიული, არამედ ადამიანური თვალსაზრისითაც. სტუდენტებსა და ლექტორ-მასწავლებლებს შორის ურთიერთდამოკიდებულება ყოველთვის იყო გულწრფელი და საიმედო. აქტიურად ვიყავით ჩართული საუნივერსიტეტო ცხოვრებაში: ვმართავდით პოეზიის საღამოებს, ვთამაშობდით ინტელექტუალურ თამაშებს… რა თქმა უნდა, ხელშეწყობა ყოველთვის იგრძნობოდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან. ისინი მზად იყვნენ მოესმინათ და გაეზიარებინათ ჩვენი იდეები, რაც მეტ მოტივაციას გვაძლევდა ახალი პროექტების დაგეგმისათვის.
საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდგომ პერიოდში ბავშვობის ოცნება რეალობად იქცა. პროგრამის ,,ქართული ენა მომავალი წარმატებისათვის” ფარგლებში ეთნიკურ უმცირესობებთან მასწავლებლად დავიწყე მუშაობა. ამავე პროგრამამ დამიფინანსა მაგისტრატურა და უკვე მეორე საფეხურიც, ქართველური ენათმეცნიერების მიმართულებით, ჩემს მშობლიურ უნივერსიტეტში განვაგრძე.
ჩემთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი და საინტერესო აღმოჩნდა მაგისტრატურაში სწავლების პერიოდი. საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში მონაწილებით უფრო მეტად მივიღე გამოცდილება აუდიტორიასთან ურთიერთობის მხრივ. აქტუალური თემების მოსმენამ, დამუშავებამ, დისკუსიაში ჩართვამ მომცა სიახლის მიღების, აზრთა გაცვლა-გამოცვლის, შემეცნებისა და საკუთარი თავის ძიების შესაძლებლობა.
მაგისტრატურის დასრულების შემდეგ, წინარე ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავება გადავწყვიტე და ამავე უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის სპეციალობის დოქტორანტიც გავხდი. შემიძლია, ვთქვა, რომ შრომისმოყვარეობა, ბრძოლისუნარიანობა, მიზნისაკენ სწრაფვა, გამოწვევების მიღება ყოველთვის იღებს სასურველ ნაყოფს და ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა.
ბედნიერი ვარ, რომ კარიერული განვითარებაც ამავე უნივერსიტეტს უკავშირდება. ამ კუთხით, არ შემიძლია, მადლიერება არ გამოვხატო ბატონ ტარიელ ფუტკარაძისა და ქალბატონ ეკა დადიანის მიმართ. მათი უშუალო ძალისხმევისა და მხარდაჭერის წყალობით შევუერთდი აწსუ პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის სახელობის ქართველოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის გუნდს და დღემდე ამ ცენტრის თანამშრომელი ვარ. ჩემთვის ორმაგად საპასუხისმგებლოა იმ საგანმანათლებლო სივრცეში საქმიანობა, სადაც განათლება მივიღე.
ჩემი გამოცდილების საფუძველზე, მომავალ თაობას ვურჩევდი, აირჩიონ ისეთი პროფესია, რომელიც მათი განვითარებისათვის და ქვეყნის წინსვლისათვის მნიშვნელოვანია; პასუხისმგებლობით მოეკიდონ არჩევანს; აკეთონ ის საქმე, რაც უყვართ. სწორი მოტივებით მიღებული განათლება ყოველთვის აპოვნინებთ საკუთარ თავსა და პროდუქტიულად ცხოვრების საშუალებას მისცემთ.
უნივერსიტეტს ვურჩევდი, სტუდენტები ჩართონ სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამაში. ღირებული კავშირი სტუდენტსა და უნივერსიტეტს შორის გახდება მყარი გარანტი იმისა, რომ სწავლის პროცესი იქნება ნაყოფიერი და ფუნდამენტური.