სალომე კუბლაშვილი – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

ადამიანის უფლებათა დაცვა და ადვოკატირება ბავშვობიდანვე ჩემი ყველაზე დიდი მოტივაცია იყო, რის გამოც 2015 წელს, სკოლის დასრულების შემდგომ ჩავაბარე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებათა ფაკულტეტის, სამართლის სპეციალობაზე.

სამართლის საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ, სწავლა გავაგრძელე უმაღლესი განათლების შემდეგ საფეხურზე-მაგისტრატურაში, საჯარო სამართლის მიმართულებით, რომელიც დავასრულე 2021 წელს და მომენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში მქონდა შესაძლებლობა მონაწილეობა მიმეღო სხვადასხვა სასწავლო კურსებზე, მათ შორის, იმიტირებულ სასამართლო პროცესებზე, სამეცნიერო კონფერენციებსადა ტრენინგებში, რომელთაგან მიღებულ ცოდნას დღემდე აქტიურად ვიყენებ ჩემი საქმიანობის ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ უნიერსიტეტი სწავლებასთან ერთად მაძლევდა პრაქტიკული ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას, შესაბამისად, ჯერ კიდევ მეორე კურსიდან სტაჟირებას გავდიოდი საერთო სასამართლოებში, კერძო თუ არასამთავრობო დაწესებულებებში, თანაც ისე, რომ სწავლების რიტმში ხელი არ მეშლებოდა.

უნივერსიტეტის საშუალებით შევიძინე როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა და ამჟამად ჩემი პროფესიით, მხარდაჭერის, სასამართლო/სამოქალაქო დავების და აღსრულების განყოფილების იურისტად ვმუშაობ სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს იმერეთის რეგიონული ცენტრში. მაქვს შესაძლებლობა ვემსახურებოდე ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვასა და ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას ყველა ინსტანციის სასამართლოში და არა მხოლოდ. გარდა ამისა, ვარ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ბავშვთა უფლებების  სპეციალიზებული ადვოკატი.

დაგროვილი გამოცდილების მიუხედავად, ვფიქრობ, პროფესიით იურისტისთვის და მითუმეტეს ახალგაზრდა იურისტისთვის სამართლის სფეროში წარმატების მიღწევა და თავის დამკვიდრება ძალიან რთულია, ამ კუთხით არც ჩემი გზა ყოფილა მარტივი, თუმცა ახალგაზრდებს, რომლებსაც დასახული აქვთ მიზნად, პრაქტიკოს იურისტებად ჩამოყალიბდნენ, ვურჩევ ბევრი იშრომონ, დაბრკოლებებმა არ შეაშინოთ, უნივერსიტეტში სწავლების პარალელურად აქტიურად ჩაერთონ სხვადასხვა პროგრამებში, თეორიულთან ერთად გაიღრმაონ პრაქტიკული ცოდნაც და აუცილებლად მიაღწევენ დასახულ მიზანს.

რაც შეეხება ჩემს სამომავლო გეგმებს, ვარ არაერთი სტატიისა და წიგნის ავტორი, შესაბამისად, სამეცნიერო საქმიანობის განხორციელებას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვაპირებ, სურვილი მაქვს სამართლის სფეროში ჩემი პრაქტიკული და თეორიული ცოდნა სტუდენტებს გავუზიარო.