მახარე კაკულია – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

 

 

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარება და სწავლის დაწყება რამდენიმე ფაქტორმა გადამაწყვეტინა. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი,თავისი ტრადიციებითა და ნოვატორობით ერთ-ერთი ლიდერი და სოლიდური საერთაშორისო რეპუტაციის მქონე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში, რომელიც მუდმივად ისწრაფვის, უზრუნველყოს მაღალი ხარისხის განათლება და კვლევითი საქმიანობა. უნდა ითქვას,რომ ის მუდმივად ზრუნავს მისი სტუდენტების პიროვნულ , პროფესიულ თუ კარიერულ ზრდა-განვითარებაზე. თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული სასწავლო პროცესი, საერთაშორისო აკრედიტაციები თუ საქმიანი კავშირები, საინტერესო საუნივერსიტეტო ცხოვრება  , გაცვლითი პროგრამები და დასაქმების მაღალი პოტენციალი უზრუნველყოფს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოპულარობას არამხოლოდ საქართველოში,არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

აქვე მინდა ვთქვა, რომ ფოთის ფილიალი ჩემთვის პრიორიტეტული იყო ხელსაყრელი ადგილ-მდებარეობის გამო.

ჩემი პროფესია ავირჩიე იმიტომ, რომ ვიცოდი,  მოთხოვნადი მიმართულება იყო დასაქმების კუთხით შრომით ბაზარზე.

ამჟამად  დასაქმებული ვარ მიღებული განათლებით შესაბამის სფეროში, ვმუშაობ სს „ტერაბანკში“.

ჩემი კარიერული გზა საკმაოდ ადრეულ ასაკში დაიწყო და მრავალფეროვანია სხვადასხვა სექტორში მიღებული სამუშაო გამოცდილებებით. ვფიქრობ, ჩემი წარმატებული კარიერული გზის მთავარი მიზეზი ჩემი შრომისმოყვარეობა და  ასევე, ის ცოდნა და უნარებია, რომლებიც წლების განმავლობაში შევიძინე როგორც უმაღლეს სასწავლებელში სწავლისას, ასევე სხვადასხვა სამუშაო პოზიციაზე მუშაობის პროცესში.

ახალგაზრდებს, რომლებსაც ჯერ არა აქვთ გადაწყვეტილი, თუ რომელი პროფესია უნდა აირჩიონ, ვეტყოდი, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი უნარებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე შეარჩიონ მომავალი პროფესია, მაქსიმალურად შეძლონ დაინახონ საკუთარი თავი მომავალში ამ პროფესიაში და გაითვალისწინონ შრომითი ბაზრის მოთხოვნები. ვინაიდან დღეს, სამწუხაროდ, დიდ პრობლემას წარმოადგენს ახალგაზრდების განათლებიდან დასაქმებაზე გადასვლის ბარიერები, ამ მიზნით სახელმწიფომ შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის ფორმირება დაიწყო. ამიტომ მნიშვნელოვანია წინასწარ იცოდე, რამდენად არის შენი პროფესია მოთხოვნადი, რამდენად დიდ კონკურენცია გხვდება შრომის ბაზარზე. ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ უარი თქვათ თქვენს საყვარელ პროფესიაზე, პირიქით, მოტივაცია უნდა გქონდეს ამ გამოწვევების გადასალახად.

ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის მოქნილი, თანამედროვე განათლების მიღების შესაძლებლობის შეთავაზება, რაც აუცილებლად უნდა მოიცავდეს საერთაშორისო გაცვლით პროგრამებს, კონფერენციებს და სტუდენტების მაქსიმალურად ჩართულობას ამ პროცესებში.

უნივერსიტეტს, სწავლის გაუმჯობესების თვალსაზრისით, ვურჩევდი უცხოურ  უნივერსიტეტებთან კავშირების გაძლიერებას. ვისურვებდი, სტუდენტთა და თანამშრომელთა უფრო ხშირ ვიზიტს საზღვარგარეთულ უნივერსიტეტებში.