ნატო ბერძული – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

უნივერსიტეტის არჩევაზე ბევრი არ მიფიქრია. ჩემს მშობლიურ გარემოში ეს უნივერსიტეტი ყველაზე მისაღები და საპატიო იყო.

რაც შეეხება პროფესიას, მე ვფიქრობ, პროფესიის არჩევა ყველაზე რთული საქმეა. გადაწყვეტილება უნდა მიიღო იქედან გამომდინარე, თუ რა არის შენი მოწოდება. სად ხედავ შენს თავს მომავალში. მეკეთებინა ის საქმე, რაც ყველაზე მეტად მიყვარს. აი, ამიტომ ავირჩიე ეს პროფესია.

სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ სწავლა გავაგრძელე სადოქტორო პროგრამაზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში

დასაქმებული მიღებული განათლების შესაბამისად. ამჟამად  ვარ ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი.

ვმუშაობ ბათუმის მე-6 საჯარო სკოლა და სოფ. სარფის საჯარო სკოლაში.

ჩემი წარმატებული კარიერული გზის საფუძველი, ვფიქრობ , ჩემი მებრძოლი სული და შრომისმოყვარეობაა.

ახალგაზრდებს, რომლებიც პროფესიას ახლა ირჩევენ, ვეტყვი, რომ  პროფესია უნდა იყოს შენი მოწოდება.საკუთარი საქმე უნდა გიყვარდეს. წარმოგიდგენიათ მასწავლებელი, რომელსაც არ უყვარს ბავშვები, სწავლა-სწავლების პროცესი მომაბეზებელი და უინტერესოა. ასეთი მასწავლებელი ვერც წარმატებული გახდება და ბედნიერების შეგრძნებასაც დაკარგავს.

უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ვმონაწილეობდი საერთაშორისო პროექტებსა და კონფერენციებში.

ყოველთვის ვგრძნობდი განსაკუთრებულ მხარდაჭერას უნივერსიტეტის თითოეული წარმომადგენლის მხრიდან. ბევრის ჩამოთვლა შემიძლია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან მხარდაჭერად მიმაჩნია 2012 წელს ჩემი პირველი პოეტური კრებულის „თეჯის“ გამოცემა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმართველობის დაფინანსებით. ჰუმანიტარული  ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო წრის წარმომადგენლების მიერ წიგნის პრეზენტაციის ორგანიზება და საჯაროდ წარდგენა. დიდი სიყვარულითა და დღეს უკვე სინანულით მახსენდება აწ უკვე გარდაცვლილი , ჩემი წიგნის რედაქტორის, ქ-ნი ნაზი ხელაიას გვერდში დგომა .

უნივერსიტეტს ვურჩევდი, სასურველია, დაიხვეწოს პრაქტიკულ მუშაობაზე დაფუძნებული სწავლება, რადგან ხშირია პრეცედენტი, როდესაც კურსდამთავრებულს მხოლოდ თეორიული ცოდნა გააჩნია და პრაქტიკაში ამ ცოდნის ტრანსფერი უჭირს.