ბადრი დანელია – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

ის, რომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მდებარეობდა ქალაქ ქუთაისში, იყო პირველი მიზეზი, რამაც გადამაწყვეტინა უმაღლესი განათლება მიმეღო სწორედ  ამ სასწავლებელში, რადგან მარტვილის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ვცხოვრობდი და  განათლების ეს კერა ჩემთვის ყველაზე მოსახერხებელი იყო . ამასთანავე, ბევრი კარგი რამ მსმენოდა მის შესახებ.

თუ რატომ ავირჩიე პროფესიად ქართული ფილოლოგია, ამას თავისებური ახსნა უნდა მოენახოს. ჯერ კიდევ ბავშვობის დროიდან ხარბად ვეწაფებოდი საქვეყნოდ სახელგანთქმული ფილოლოგისა  და ლიტერატურათმცოდნის, ჩემი საყვარელი ნათესავის(ბაბუაჩემის მამიდაშვილის), აკად. გიორგი ჯიბლაძის ბრწყინვალე მონოგრაფიებსა და მეცნიერულ გამოკვლევებს, რომელთა თავფურცლებზე გაკეთებული ზედწარწერები ინახავენ დიდ სიყვარულს, გამოხატულს ჩემი აღმზრდელი  ბებიისა და ბაბუისადმი.  ამ გენიალურმა წიგნებმა,  რომლებშიც ჩანს ავტორის ფართო ერუდიცია და წერის შეუდარებლად ლამაზი სტილი, სიყრმიდანვე ძლიერ შემაყვარეს კითხვა და მშობლიური ლიტერატურა.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში შესვლისთანავე ჩემ წინ ახალი სამყარო გადაიშალა. გავიცანი და ახლო მეგობრობა დავამყარე არა ერთ გამორჩეულ პედაგოგთან და პროფესორთან, რომელთა ანდამატურმა ლექციებმა ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება იქონია.

არ შემიძლია განსაკუთრებით არ აღვნიშნო უაღრესად კეთილშობილი ქალბატონის, ჩემი ლექტორის, პროფესორ რუსუდან საღინაძის მიერ ჩემს მიმართ გამოხატული ყურადღება და გვერდში დგომა, რომლის მონდომებითა და წინადადებით ,ჯერ კიდევ მე-2 კურსის სტუდენტი, გავხდი სტუდენტთა და მაგისტრანტთა საენათმეცნიერო წრის თავჯდომარე. და არ ყოფილა ერთი შემთხვევაც კი, რომ ქალბატონ რუსუდანს აქტიური მონაწილეობა არ მიეღოს ჩემს მიერ დაწერილი მოხსენებების გადახედვასა და დამუშავებაში, რათა ყველაფერი უნაკლოდ შესრულებულიყო.

აგრეთვე, ცალკე მინდა  აღვნიშნო  ის დიდი სითბო და მხარდაჭერა საზოგადოდ ჩვენი უნივერსიტეტის  სტუდენტებისადმი, რასაც იჩენდა და იჩენს ჩემი ძვირფასი ლექტორი, პროფესორი გია ხოფერია. ბატონი გიას ხელმძღვანელობით შეიქმნა სტუდენტთა სალიტერატურო წრე(მეც გახლავართ ამ წრის წევრი), რომლის მთავარი  მიზანი ნიჭიერ და შრომისმოყვარე  სტუდენტთა მეცნიერული ინტერესების გაღვივებას ემსახურება. ამ კუთხით, მეტად სასიხარულოა ის ფაქტი, რომ უნივერსიტეტის გამომცემლობამ უკვე მეორე კრებული გამოსცა სალიტერატურო წრის წევრთა წერილებისა.

დიდი სურვილი მაქვს , რომ სწავლა განვაგრძო დოქტორანტურაში, ისევ წერეთლის უნივერსიტეტში. ოთხი წლის მანძილზე აქაურ  აკადემიურ პერსონალთან ურთიერთობამ დამარწმუნა , რომ ამ უნივერსიტეტის კედლებში დღესაც საფუძვლიანი ცოდნითა და სტუდენტებისადმი დიდი სიყვარულით გამორჩეული ლექტორები მოღვაწეობენ.

იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა ირჩევენ პროფესიას, ვურჩევდი, რომ სწორად მიაკვლიონ თავიანთ მოწოდებას, გასინჯონ, თუ რომელ დარგში შეუძლიათ ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწიონ, და ამის შემდეგ, მთელი გულითა და სულით შეიყვარონ  თავიანთი საქმე.

აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის რექტორად არჩევას მივულოცავ უაღრესად კეთილშობილ მამულიშვილსა და მეცნიერს,  რომელსაც ყოველი სტუდენტი თავის შვილად მიაჩნია და არასოდეს იღლება მათი მხარდაჭერითა და სწავლისადმი წახალისებით,  ბატონ შალვა კირთაძეს, და გამოვთქვამ ღრმა რწმენას, რომ როგორც აქამდე, ახლაც ყველაფერს გააკეთებს ის უნივერსიტეტისა და სტუდენტთა წარმატებული და ბედნიერი მომავლისათვის.