მარიამ იოსავა – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული
ჩემი ცხოვრების ახალ ეტაპზე სწავლა გავაგრძელე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რადგან ის არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება , ევროპულ მოდელზე დაფუძნებული სამეცნიერო-კვლევითი სასწავლო ცენტრი, რომელშიც მიმდინარეობს ინოვაციური სწავლება, წარმატებით ხორციელდება გაცვლითი პროგრამები, ეს და კიდევ ბევრი საინტერესო ფაქტი შანსს მაძლევდა გამეტარებინა დაუვიწყარი სტუდენტური ცხოვრება და წარმატებული ნაბიჯები გადამედგა პროფესიულ საქმიანობაში. სწორედ იქ აღმოვჩნდი, სადაც უნდა ვყოფილიყავი.
განათლებით ფილოლოგი ვარ. ყველა საგნის მასწავლებელს სჭირდება განათლებული უნარები, რომ ცოდნა მოსწავლეებს რაც შეიძლება ეფექტურად გადასცეს, მაგრამ ლიტერატურის მასწავლებელი სულ სხვაა. ლიტერატურა სამყაროს ყველაზე დიდი ხელოვნებაა… სიტყვას – ლოგოსს უდიდესი ძალა და მაგია აქვს და ამაზე თითქმის არავინ დავობს. მხოლოდ ეს სიტყვები საკმარისია ყველაზე დამაჯერებელ არგუმენტად: ,,პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი“.
ფილოლოგი არ ნიშნავს, გახდე აუცილებლად მასწავლებელი, განსაკუთრებით დღეს, თუმცა მე დავსაქმდი მიღებული სპეციალობით 3 წელი ვიმუშავე კერძო სკოლა ,,არეაში,“ დღეს კი ვმუშაობ ნოჯიხევის N2 საჯარო სკოლაში. ვარ უფროსი მასწავლებელი, გავიარე 60 კრედიტიანი პროგრამა. გარდა ამისა, ჩავაბარე სპეც. მასწავლებლის გამოცდა და წელს ვაბარებ სამაგისტრო პროგრამაზე. პროფესია ფილოლოგი ჩემთვის აღმოჩნდა გზა, რომელმაც მომცა საკუთარი პიროვნების განვითარების შესაძლებლობა, გამომდინარე იქიდან, რომ ფილოლოგია მრავალვექტორიანი დისციპლინაა და გვაძლევს ზოგად განათლებას და მოიცავს თითქმის ყველა სფეროს. კარგ ფილოლოგს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება ნებისმიერ ადგილას შეუძლია.
უნივერსიტეტი არ არის მხოლოდ ლამაზი, დიდი, თეთრი შენობა. უნივერსიტეტს, უპირველესად, იქ მყოფი ადამიანები ქმნიან. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლებისას მე შემეძლო გამომეყენებინა ამ ფაკულტეტის რესურსები და განათლება არ მიმეღო მხოლოდ ერთი მიმართულებით. მქონდა შეხება კლასიკურ, ბერძნულ ლიტერატურასთან, რუსთველოლოგიასთან, ასევე არქეოლოგიასთან. როდესაც სხვადასხვა მიმართულების საგნებს ვირჩევდი ფართოვდებოდა ჩემი სანაცნობო წრე, გავიცანი უამრავი საინტერესო ადამიანი და ურთიერთობებიდან მივიღე უდიდესი გამოცდილება.
უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში რეგულარულად ვიღებდი მონაწილეობას ადგილობრივ კონფერენციებში. სწავლის პერიოდში ვიღებდი სახელმწიფო სტიპენდიას, რაც დიდი მხარდაჭერა იყო ოჯახისთვის. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ვგრძნობდი სრულ მხარდაჭერას უნივერსიტეტის მხრიდან.
პროფესიის არჩევისას მოსწავლეებს ვურჩევ, კარგად დაფიქრდნენ და აირჩიონ ისეთი პროფესია, რომელიც მათ ცხოვრებას რუტინად კი არა, საინტერესო თავგადასავლად აქცევს. ყველას აქვს უფლება, მიჰყვეს თავის არჩევანს, უნდა შეეჯიბროს მხოლოდ საკუთარ თავს, მოტივებსა და შესაძლებლობებს და მოუსმინოთ საკუთარ გულს, სამყაროს გულისცემას რაც სჭირდება მას შენგან: ,,შენ უნდა იწვოდე იდეით, არსებული პრობლემით ან შეცდომების გამოსწორების სურვილით“ ( სტივ ჯობსი).
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის, მობილობისა და ინტეგრირებული სწავლების სამეცნიერო კვლევების პროგრამების შექმნას.