კონსტანტინე ზაუტაშვილი – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავირიცხე 2017 წელს გერმანული ენისა და ლიტერატურის სპეციალობაზე, რომლის ბაკალავრის ხარისხიც მივიღე 2022 წელს. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღნიშნულ სპეციალობაზე ჩარიცხვის რეკომენდაცია მივიღე უცხო ენის პედაგოგისაგან, რომელმაც მკაფიოდ ჩამომითვალა პროგრამაზე მოხვედრის პრიორიტეტები. დაფიქრების შედეგად, ეს ნაბიჯი გონივრულად მომეჩვენა და შედეგმაც გაამართლა. ბავშვობიდან მქონდა უცხო ენების შესწავლისაკენ მიდრეკილება. რადგანაც ინგლისურ ენას დამაკმაყოფილებელ დონეზე ვფლობდი, გადავწყვიტე გერმანული ენისა და ლიტერატურის შესწავლა დიდი ინტერესიდან გამომდინარე. სამწუხაროდ, ჩემი გეგმა, გამეგრძელებინა სწავლა უფრო მაღალ საფეხურზე, ვერ შესრულდა, ამიტომაც, ხელმეორედ გადავწყვიტე ბაკალავრის ხარისხის მოპოვება, ამჯერად ფრანგულ ფილოლოგიაში.
პირველი სპეციალობისაგან მიღებულმა ცოდნამ ბევრ ადგილას გამიხსნა კარი, მოვიპოვე სამი საერთაშორისო სტიპენდია, მქონდა მოკლევადიანი სამსახურები, რომლებიც ჩემს სპეციალობას უკავშირდებოდა. ამ ეტაპზე არ ვარ დასაქმებული არჩეული პროფესიით.
ჩემი წარმატების საფუძველს დავუკავშირებდი საკუთარ შრომას, ასევე პროფესიონალი კადრებისაგან მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას. სწავლის პერიოდი მარტივი არ ყოფილა, მაგრამ ნამდვილად ღირდა შრომის ფასად. გადაწყვეტილება ხანგრძილივი ფიქრის შედეგად მივიღე და მომავალ სტუდენტებსაც იმავეს ვურჩევდი, კარგად გაიკვლიონ, თუ რომელი სპეციალობა რა უპირატესობას ჰპირდება. ამგვარად, მარტივი იქნება პრაგმატული გადაწყვეტილების მიღება, თუკი ეს პირად სურვილს არ ფარავს, რასაკვირველია.
უნივერსიტეტში სტუდენტობის პერიოდში მქონდა შანსი, მიმეღო მონაწილეობა რამდენიმე საერთაშორისო პროექტში (მონაწილე მხარეები: საქართველო, გერმანია, სომხეთი, აზერბაიჯანი). მოცემული შესაძლებლობისათვის უნდა ვუმადლოდეთ გერმანული ენისა და ლიტერატურის დეპარტამენტს, გერმანული აკადემიური გაცვლის სამსახურსა და საგარეო ურთიერთობათა სამსახურს. მიღებული გამოცდილება ძალიან გამომადგა შემდგომი წინსვლისათვის. ასევე, უნივერსიტეტი შეძლებისდაგვარად ხელს ყოველთვის გვიწყობდა მეც და თანაკურსელებსაც. მინდა გამოვყო სტუდენტთა მხარდაჭერის სერვისი, რომელიც დაუღალავად შრომობდა ჩვენთვის ბიუროკრატიული გამოწვევების გადალახვაში.
უნივერსიტეტს სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის ვურჩევდი, ჰქონდეს მეტი კომუნიკაცია სტუდენტებთან და მეტად ფლექსიური გახადოს სასწავლო ცხრილი და არჩევით საგანთა რაოდენობაც. ეს გამოიწვევს სტუდენტების მხრიდან სწავლის ინტერესის გაზრდას.