დავით კაკაურიძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

დავიბადე ქალაქ ტყიბულში, სკოლის დამთავრების შემდეგ გადავწყვიტე აკადემიური განათლების მიღება, ავირჩიე ქალაქი ქუთაისი  და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო უნივერსიტეტის ისტორია, მისი ფასეულობები და განათლების დონე , სამეცნიერო ხარისხი და აკადემიური ფასეულობები, 2014 წელს გადავწყვიტე, ჩამებარებინა ზემოაღნიშნულ უნივერსიტეტში. ჩემი ცხოვრებისეული კრედო კულტურათა გაცნობა, შესწავლა და ძიებაა, აქედან გამომდინარე,  ვფიქრობდი, თუ რა იყო ის, რაც ჩემს ცხოვრებისეულ სტილსა და სურვილს მაქსიმალურად მოერგებოდა, ბევრი ფიქრისა და მსჯელობის შემდეგ გადავწყვიტე, მესწავლა იმ სპეციალობაზე, რომელიც განმაცდევინებდა  ზომიერ თავისუფლებას, დამეხმარებოდა მაძიებელი გავმხდარიყავი,  მემოგზაურა და აღმომეჩინა ჩემი გარემოსგან განსხვავებული სამყარო. ამიტომაც, გადავწყვიტე, მესწავლა  ბიზნესის სამართლისა  და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე და გავხდი ტურიზმის სპეც. მენეჯერი , პარალელურად, მეორად, მაინორ სპეციალობად ავირჩიე საქართველოს ისტორია და მივიღე  ბაკალავრის ხარისხი 2018 წელს . 1 წლის შემდეგ გადავწყვიტე  მომდევნო აკადემიურ საფეხურზე გამეგრძელებინა ჩემი საქმიანობა და 2019 წელს ჩავაბარე ისევ აწსუ-ში, ამჯერად ჰუმანიტარული ფაკულტეტის განხრით ძველ ცივილიზაციათა არქეოლოგიის მიმართულებით, 2021 წელს გავხდი მაგისტრი წითელ დიპლომზე.

სწავლის პარალელურად ვმუშაობდი გიდად ჩემი სპეციალობის კვალდაკვალ. ვთანამშრომლობდი სხვადასხვა ტურისტულ კომპანიასთან და დღემდე ვრჩები  ტურისტულ სექტორში , უნივერსიტეტის ძალისხმევამ ნამდვილად გამოიღო ჩემს განვითარებაში დიდი შედეგი, რომელმაც მომცა საშუალება, განვითარებული შევხვედროდი ცხოვრებისეულ ქარტეხილებს, გარდა ტურისტული საქმიანობისა, სპორტული მიმართულებით  ვარ დაკავებული, კერძოდ, კი ვმუშაობ კორესპონდენტად ჟურნალ „აფინაჟში“ და ვწერ სტატიებს ფეხბურთის შესახებ.

გამოცდილების მიღების მხრივ ვმუშაობდი „ტვ რიონში“ სპორტული წამყვანის ამპლუაში, რამაც ჩემს მეორე, სპორტულ პროფესიაში ძალიან დამეხმარა გამოცდილების მიღების თალსაზრისით. .

თუ კი ჩემს თავს და დავუსვამდი კითხვას: ვარ თუ არა წარმატებული, ალბათ, ვიტყოდი, რომ ბედნიერი ვარ და თუ ბედნიერი ხარ, რასაც აკეთებ, ესე იგი წარმატებული ხარ, რადგან ბედნიერება დაკავშირებულია შენს საქმიანობაზე და თუ შენს ცხოვრებაში ყოველდღიურ საკეთებელს აკეთებ ისე, რომ შენი ნაყოფით სხვები მოხიბლულნი რჩებიან, ესე იგი წარმატებული ხარ.

ჩემი მაძიებლური ბუნებიდან გამომდინარე, საუნივერსიტეტო სწავლების პერიოდში ჩემი ინტერესის ობიექტი მუდმივად იყო სამეცნიერო კვლევა-ძიება , მიმიღოა რამდენიმე კონფერენციაში მონაწილეობა, რომელიც განხორციელებული იყო აწსუ-ს ორგანიზებით , როგორც საერთაშორისო ასევე ადგილობრივი. ჩემთვის საამაყოა, რომ ბაკალავრიატის მე-4 კურსზე საერთაშორისო საფაკულტეტო ღონისძიების ფარგლებში ბიზ. სამარ. და სოც. მეც.  ფაკულტეტმა  მომცა საშუალება ჩემი სამეცნიერო კვლევა, რომელიც დამყარებული იყო პირველეულ წყაროზე, გამომექცეყნებინა სპეციალურ წიგნში. ასევე იყო რამდენიმე, მსგავსი ტიპის კონფერენცია, რომელზეც წარმატებით წარვადგინე ფაკულტეტის სახელით.  ცალკე გამოვყოფდი ჩემს წარმატებულ ნაბიჯს „ერასმუს +“-ის გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის კუთხით გერმანიაში, ნიდერლანდებში და სომხეთში სისტემატური მონაწილეობით ადამიანის უფლებებსა და ეკოლოგიაზე.

აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მშობლიურ უნივერსიტეტს იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც მივიღე სტუდენტურ პერიოდში და დღემდე სხვადასხვა საექსპედიციო გასვლების თუ დაზვერვითი სამუშაოების ხელშეწყობითა თუ რეცენზიით , რომელიც დღემდე საკუთარი საქმის წარმატებით გაძღოლაში მეხმარება.

ბოლოს მინდა ვურჩიო სკოლის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს: წარმატების გასაღები დევს თქვენში, თქვენში არის სინათლე, რომელიც უნდა იპოვოთ და თქვენი მიზნებისა და ოცნებებისკენ სავლელ გზაზე  წინ წარიმძღვაროთ, აკეთეთ ის, რაც გსურთ, ბევრჯერ სცადეთ, ის რაც არ გამოგდით, მაგრამ გსურთ , გახსოვდეთ, რომ მცდელობას აუცილებლად მოაქვს შედეგი.