სალომე გუმბერიძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის   კურსდამთავრებული

სწორი პროფესიული არჩევანი  ნიშნავს  საკუთარი თავის  შეცნობასა და პოვნას, რომელიც მნიშვნელოვანია  არა მარტო კარიერული წინსვლისა და  განვითარებისთვის,  არამედ პიროვნული სრულყოფისთვისაც. ადამიანის პროფესიული ორიენტაცია,   შესაძლოა არაერთმა ფაქტორმა განაპირობოს. ჩემთვის კი უმთავრესი ამ თვალსაზრისით   ჩემი დამრიგებელი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, აღმოჩნდა,  რომელიც ამავდროუად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამ-თავრებულია. პროფესია მასწავლებელი ნიშნავს შესაძლებლობას განათლების გზით გახადო სამყარო უკეთესი. ასწავლო და ისწავლო,  შეიმეცნო და შეამეცნებინო ისე, რომ არასოდეს დაიღალო და ამოწურო.

ბაკალავრიატში სწავლებისას გამოიკვეთა ჩემი განსაკუთრებული ინტერესი ქართული ენისადმი, რაშიც დიდი წვლილი მიუძღივით ქართული ენის მიმართულების ლექტორ-მასწავლებლებს. შესაბამისად, მაგისტრატურაში სწავლა განვაგრძე ქართველური ენათმეცნიერების მიმართულებით. ამას მოჰყვა დოქტორანტურაც და სკოლის პედაგოგობის პარალელურად (2009 წლიდან დღემდე პედაგოგიურ საქმიანობას ვეწევი სსიპ ქალაქ  ქუთაისის მე-10 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებლის პოზიციაზე) საუნივერსირეტო სივრცეში გადმონაცვლება. 2015 წლიდან ვარ საათობრივად მოწვეული ჩემს მშობლიურ უნივერსიტეტში ლექტორის პოზიციაზე. ეს არის  ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და გამოწვევა; ამავდროულად უნივერსიტეტის მხრიდან დიდი მხარდაჭერა პროფესიული განვითარების თვალსაზრისით. მომეცა შესაძლებლობა თეორიული ცოდნის სტუდენტებთან პრაქტიკაში რეალიზებისა.

2020 წელს პროფესორ რუსუდან საღინაძის ხელმძღვანელობითა და ისრაელის არიელის უნივერისტეტის პროფესორ რეუვენ ენოხის თანახელმძღვანელობით წარმატებით დავიცავი დისერტაცია და მომენიჭა ფილოლოგიის აკადემიური დოქტორის ხარისხი.  დღემდე აქტიურად ვმონაწილეობ ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონფერენციებში. ვარ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული  ფუნდამენტური პროექტების ძირითადი მონაწილე, ახალგაზრდა მეცნიერის სტატუსით.

წარმატებული კარიერის საფუძველია აკეთო და განავითარო ის, რაც შენშია.  პროფესიული ორიენტაციის განმსაზღვრელი არ უნდა იყოს მხოლოდ საზოგადოებაში არსებული კოლექტიური ტენდენციები და სტერეოტიპები. ვფიქრობ, არასწორია  შესიტყვება „პრესტიჟული პროფესიები“, მათ პოპულარიზებას განაპირობებენ პროფესიონალი კადრები, რომელთაც გააჩნიათ მაღალი კეთილსინდისიერება და ერთგულება საქმისადმი, რაც მე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნამდვილად დავინახე.

ჩემი პროფესიული მოღვაწეობა სასკოლო და საუნივერსიტეტო სივრცის ერთობლიობაა, რამაც უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახადა ჩემი საქმიანობა.  რამდენიმე წელია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივესიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის „მასწავლებლის მომზადების სამოცკრედიტიანი საგანმამათლებლო პროგრამის ფარგლებში“ მენტორობას ვუწევ მომავალ ფილოლოგებს, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლობის მსურველთ,  რათა შეძლონ უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნის  საგაკვეთილო პროცესში რეალიზება.

ჩემი მოკრძალებული სურვილია, ჩვენი უნივერისტეტი მეტად თანამშრომლობდეს ზოგდსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ხელს უწყობდეს მათ წახალისებას  სხვადასხვა სასწავლო-შეცნებითი აქტივობით, რათა მომავალმა სტუდენტებმა უკეთ გაიაზრონ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტის, როგორც საგანმანათლებლო სივრცის  მნიშვნელობა არამარტო რეგიონის, არამედ ქვეყნის განვითარების საქმეში.