ნინო ობოლაძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავირჩიე იმიტომ, რომ უნივერსიტეტს ჰყავს მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი, რომ აღარაფერი ვთქვათ მათ პიროვნულ მახასიათებლებზე, რომელთა გამოც სტუდენტები და პროფესორები წარმატებით თანამშრომლობენ. უნივერსიტეტს, ასევე აქვს თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და მდიდარი ბიბლიოთეკა, რაც სწავლას უფრო კომფორტულსა და მოსახერხებელს ხდის.

ჩემი პროფესია ავირჩიე იმიტომ, რომ ბავშვობიდან მიყვარდა ქართული ენა და ლიტერატურა, წიგნების კითხვა, ბავშვებთან ურთიერთობა, რამაც ბიძგი მომცა პროფესიის არჩევისას. თანდათან გამიჩნდა სურვილი, გავცნობოდი მშობლიური ენისა და ლიტერატურის სწავლების თანამედროვე მიდგომებსა და სტრატეგიებს. ენის ძირითადი სამეტყველო უნარების მნიშვნელობას მოსწავლის ენობრივი კომპეტენციის განვითარების პროცესში, ქართული ლიტერატურის როლს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების გააზრებაში და ა.შ.

უმაღლესი განათლების შემდეგ საფეხურზე სწავლა განვაგრძე ბაკალავრიატის დასრულებისთანავე იმ მიმართულებით, რომელიც საინტერესო იყო ჩემთვის. გარდა ამისა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გავიარე მასწავლებელთა მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა, რამაც ხელი შეუწყო ჩემს პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას.

ამჟამად ვმუშაობ ჩემი სპეციალობით, ვარ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი სსიპ. ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცუცხვათის საჯარო სკოლაში.

ჩემი წარმატებული კარიერული გზის საფუძველი არის ხარისხიანი განათლება, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა სსიპ. ტყიბულის მუნიციპლიტეტის სოფელ ხრესილის საჯარო სკოლამ, ხოლო სრულყოფილად აქცია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. ასევე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო უნივერსიტეტის კავშირი ქალაქ ქუთაისის საჯარო სკოლებთან, სადაც სტუდენტებს თავისუფლად შეუძლიათ გაიარონ პრაქტიკა და დარწმუნდნენ თავიანთი გადაწყვეტილების სისწორეში. პირადად მე ეს პრაქტიკა კარიერული გზის განსაზღვრაში ძალიან დამეხმარა.

იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ამ ეტაპზე დგანან არჩევანის წინაშე, ვურჩევდი და ვურჩევ კიდეც, რომ აუცილებლად განსაზღვრონ პრიორიტეტები, დაფიქრდნენ თავიანთ ძლიერ და სუსტ მხარეებზე და სამომავლო არჩევანი ამის შემდეგ გააკეთონ. რაც შეეხება უნივერსიტეტის არჩევას, მე მათ  ვურჩევ, რომ სწავლა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძონ, რადგან აქ, ნამდვილად, შეძლებენ მიიღონ ხარისხიანი განათლება.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის დროს აქტიურად ვიყავი ჩართული სტუდენტურ ცხოვრებაში, მონაწილეობას ვიღებდი უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა კონფერენციაში, რამაც უდიდესი გამოცდილება მომცა სამომავლოდ.

პირადად მე კონკრეტული იდეით უნივერსისტეტისათვის არ მიმიმართავს, თუმცა უნივერსიტეტი ნებისმიერი კრეატიული  იდეის განხორციელებას უწყობდა ხელს.

სწავლების გაუმჯობესებას ყოველთვის ხელს უწყობს სიახლეების მიღება და პრაქტიკაში დანერგვა, თანამედროვე მიდგომების გამოყენების ხვედრითი წილის გაზრდა, საეთაშორისო პროგრამებში მონაწილეობის მიღება და უნივერსალური დიზაინის გამოყენება სასწავლო პროცესში. ამავეს ვურჩევდი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს სწავლების გაუმჯობესების თვალსაზრისით.