თეონა ჭიღლაძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა ჩემი ოჯახის ტრადიციაა. 1980-1994 წლებში, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც უნივერსიტეტს პედაგოგიური ინსტიტუტის სტატუსი ჰქონდა, ფიზიკა-მათემატიკური ფაკულტეტის დეკანი იყო ჩემი ბაბუა, ბებოს ძმა, როსტომ ზაბახიძე. წერეთლის უნივერსიტეტში მიიღო განათლება დედამ, მამამ და მამიდამ… შესაბამისად, ბავშვობიდან ერთგული მსმენელი ვარ აწსუსთან დაკავშირებული მრავალი საინტერესო, სახალისო და შემეცნებითი ისტორიიის. ასე რომ, ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში განსაკუთრებული დამოკიდებულება ჩამომიყალიბდა ამ უნივერსიტეტის მიმართ, თუმცა მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩემი არჩევანი აწსუ-ზე შეჩერდა, აქ მომუშავე მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალია.

ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩემი პროფესია ჩემთვის საყვარელი და ქვეყნისათვის სასარგებლო საქმიანობა  იქნებოდა.

ყოველი ჩვენგანი ვალდებულია, იზრუნოს საკუთარი ქვეყნის განვითარებაზე. ვფიქრობ, ქვეყნის მომავალი განათლებული თაობის ხელშია. მასწავლებელი კი არის ის, ვინც ასეთ თაობებს უზრდის ქვეყანას. სკოლა არის ადგილი, საადაც მოსწავლე იწყებს პიროვნულ და ინტელექტუალურ განვითარებას. პედაგოგი კი პასუხისმგებელია ქვეყნის კეთილდღეობაზე ორიენტირებული ახალგაზრდის ჩამოყალიბებაზე.

კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა, იყო ქათული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, რადგან თითოეული ლიტერატურული ნაწარმოების შესწავლისას მოსწავლეებისათვის ხელშესახები ხდება არა მხოლოდ შინაარსი, არამედ კონკრეტული ეპოქა და ამ ეპოქისათვის დამახასიათებელი კულტურული, პოლიტიკური, სოციალური ფონი; მწერლის ენა და ზოგადად, ეპოქისათვის დამახასიათებელი ენობრივი ნორმები. ჩვენი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების, პირდაპირი მოვალეობაა, მოსწავლეები შევაჩვიოთ სწორად წერასა და მეტყველებას.

ვფიქრობ, ჩემი საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი შემაქვს ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში.

ბაკალავრიატში სწავლის პირველივე წელს მივხვდი, რომ იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო. მალევე აღმოვაჩინე, რომ ქართული ენობრივი სამყარო, ქართული ენის ფონეტიკა, მორფოლოგია, სინტაქსი… ჩემი ინტერესის სფეროს წარმოადგენდა. გადავწყვიტე, ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავება და ჩავაბარე მაგისტრატურაში.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დასაქმებული ვარ განათლების სფეროში. ჩართული ვიყავი პროექტში „ახალი სკოლის მოდელი“, ვმუშაობდი კურიკულუმის განვითარებისა და დანერგვის ექსპერტის თანაშემწედ. დღეს ვარ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი და პროექტიდან მიღებული გამოცდილება მეხმარება საგაკვეთილო პროცესის საინტერესოდ დაგეგმვასა და წარმარტვაში.

ვმუშაობ შპს. ქართულ-ამერიკულ სკოლა პროგრესში, ვასწავლი ქართულ ენასა და ლიტერატურას. უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა და სამუშაო გამოცდილება მნიშვნელოვნად მეხმარება სწავლების პროცესში.

ნებისმიერი ადამიანის წარმატების საფუძველი განათლებაა. იმისთვის, რომ ვიყოთ წარმატებულები, საჭიროა თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება. თამამად შემიძლია ვთქვა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა ჩემი წარმატების წინაპირობაა.

იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც პროფესია ახლა უნდა აირჩიონ, ვეტყოდი, პროფესიის არჩევის დროს გაითვალისწინეთ თქვენი ინტერესები. გახსოვდეთ, მთავარი არ არის, რამდენად პრესტიჟულია პროფესია, მთავარია, თავს გრძნობდე კომფორტულად. არასოდოს დაიღლები საქმით, რომელიც გიყვარს.

აწსუ დამეხმარა სახელმწიფო სკოლაში გამევლო სტაჟირება, როგორც ბაკალავრიატის, ისე მასწავლებელთა მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში.

ვფიქრობ, სწავლების ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს უფრო მეტი ელექტრონული რესურსის შექმნა და გაცილებით მეტი სტუდენტის ჩართვა სამეცნიერო -კვლევით საქმიანობებში.