ფარსმან ფორჩხიძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი აბიტურიენტობისას ავირჩიე იმიტომ, რომ მას ჩემთვის საინტერესო და სასურველ სპეციალობაზე შესანიშნავი აკადემიური პერსონალი ჰყავდა, ამას ემატებოდა ის დადებითი ატმოსფერო, რომლის შესახებაც ჩემი მეგობრებისგან არაერთხელ გამეგო, ამ და სხვა კიდევ ძალიან ბევრმა მიზეზმა საბოლოოდ განაპირობა ჩემი არჩევანი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტზე.

საკუთარი პროფესიის არჩევის მრავალ მიზეზთა შორის უპირველესი ისტორიის სიყვარული იყო, სწორედ ეს გახდა უმთავრესი მიზეზი ისტორიის,  როგორც ჩემი შემდგომი პროფესიის არჩევისა. ბავშვობიდან დაინტერესებული ვიყავი წარსულის სიღრმეების შესწავლითა და გამოკვლევით, ყოველთვის ვცდილობდი სხვადასხვა მოვლენას არა მხოლოდ ფაქტობრივი ცოდნით, არამედ ანალიტიკური აზროვნების კუთხით გავცნობოდი, თანდათანობით ამ ყველაფრის ჩემს სამომავლო პერსპექტივასთან დაკავშირების სურვილი გამიჩნდა, რაც ავიხდინე კიდეც.

ბაკალავრიატის დასრულების შემდგომ სწავლა გავაგრძელე მაგისტრატურაზე, რამაც კიდევ უფრო დამაახლოვა დასახულ მზიანთან.

2021 წლიდან დასაქმებული ვარ და ვაკეთებ ჩემთვის საყვარელ საქმეს, სხვებს ვუზიარებ ჩემს ცოდნასა და გამოცდილებას, რაც ერთგვარი სასიამოვნო პროცესია ჩემთვის.

დასაქმებული ვარ ქალაქ ქუთაისის N 30-ე საჯარო სკოლაში, ისტორიის, სამოქალაქო განათლებისა და მეწარმეობის საფუძვლების მასწავლებლად.

ჩემი კარიერული გზის საფუძველი, უპირველეს ყოვლისა, დიდი შრომა და ყოველივე საქმეში ენერგიის ჩადებაა. ვცდილობ, ყველა დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანო და  წარმატებისკენ ნაბიჯი ყოველდღიურად გადავდგა, რადგან დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან დასახულ მიზანს აუცილებლად მივაღწევ.

ახალგაზრდებს, პირველ რიგში, ვურჩევდი, სამომავლო პროფესიის არჩევისას იხელმძღვანელონ არა სხვისი კარნახით, არამედ საკუთარი გონებით, სურვილებითა და ინტუიციით. სამომავლო პროფესიის შესწავლის საქმეში გამოიჩIნონ მონდომება, ინიციატივა და სურვილი იმისა, რომ მუდამ მზად იყვნენ საკუთარი თავი გააუმჯობესონ.

უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში მრავალ პროექტში, საერთაშორისო კონფერენციებსა და შეხვედრებში მიმიღია მონაწილეობა, ეს ყველაფერი  ჩემთვის ერთგვარი ტრამპლინი იყო გამოცდილების მიღების მხრივ. ყოველთვის ვცდილობდი, არ გამომრჩენოდა ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენები უნივერსიტეტში, რადგან ვიცოდი მათი სამომავლო მნიშვნელობა და ფასი ჩემი კარიერული ზრდის გზაზე.

უნივერსიტეტის მხრიდან ხელშეწყობასა და მხარდაჭერას მუდმივად ვგრძნობდი. მთლიანად ფაკულტეტი, ისევე როგორც დეკანი, ბოლომდე ჩემთან და ჩემს კურსელებთან ერთად ჩართული იყო სწავლა-სწავლების პროცესში და ცდილობდა ჩემი, როგორც ერთი რიგითი სტუდენტის, გარკვეული პრობლემების მოგვარებას, ან უშუალოდ მათთან ერთად თუ მათი დახმარებით სხვადასხვა აქტივობებისა თუ ღონისძიების დაგეგმვას, განხორციელებას.