თათია მარდალეიშვილი – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვობიდანვე მიზიდავდა ჰუმანიტარული მეცნიერებები, არჩევანი შევაჩერე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტზე, სადაც ჰუმანიტარულ მენიერებთა ფაკულტეტი წარმოადგენს უნივერსიტეტის ერთ–ერთ უდიდეს და მდიდარი ტრადიციების მქონე უძველეს ფაკულტეტს, რომლის მიზანსაც წარმოადგენს შეუქმნას სტუდენტებს საუკეთესო პირობები ტრადიციაზე დაფუძნებული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და მომავალზე ორიენტირებული განათლების მისაღებად და უზრუნველყოს სწავლებისა და კვლევის პროცესის თანხვედრა.

მასწავლებელი, თავისი არსით, შემოქმედებითი ადამიანია, მისი საქმიანობა კი შემოქმედებითი პროცესი. მასწავლებლის პროფესია მოითხოვს მუდმივ განვითარებასა და სიახლეების გაცნობას, რათა საგაკვეთილო პროცესი იყოს საინტერესო და დინამიური თავად მოსწავლეებისათვის. გამომდინარე იქიდან, რომ ვმუშაობ კადეტთა სამხედრო ლიცეუმში, რომლის მისიას წარმოადგენს აღზარდოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი თავისუფალი პიროვნება, ჩამოუყალიბოს კადეტებს დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერება და კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, ჩემის მხრივ, ვარ ძალზედ მოხარული და ამაყი, რომ ჩემი– როგორც მასწავლებლის – წვლილი შემაქვს ამ ფრიად მნიშვნელოვან საქმეში.

გარდა მაგისტრატურისა, სწავლა კვლავ განვაგრძე უმაღლესი განათლების შემდეგ საფეხურზე. ამჟამად ვარ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის მესამე კურსის დოქტორანტი.

დასაქმებული გახლავართ ჩემი სპეციალობით და მიღებული განათლების შესაბამისად. ვარ სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში – ინგლისური ენის მენტორი მასწავლებელი.

ბაკალავრისა და მაგისტრის ორივე საფეხური დასრულებული მაქვს წარჩინებით, რაც წარმოადგენდა უსაზღვრო შრომის შედეგს. სწორედ შრომისმოყვარეობა წარმოადგენს ჩემი კარიერული გზის მთავარ საფუძველს. ამავდროულად მსურს აღვნიშნო  ჩემი ლექტორებისა და პროფესორ–მასწავლებლების წვლილი (ვინც მასწავლიდა იმ წლების განმავლობაში და ამჟამადაც – სადოქტორო პროგრამაზე სწავლისას), ისინი ყოველთვის თავდაუზოგავად გვიზიარებდნენ თავიანთ გამოცდილებასა და ცოდნას და ხელს გვიწყობდნენ წარმატებით და, რაც მთავარია,  საინტერესოდ შეგვესწავლა მათ მიერ წაკითხული მასალა, შემდგომ კი მოგვეხდინა მიღებული ცოდნის ტრანსფერი და მათი პრაქტიკული გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში.

როდესაც ახალგაზრდა პროფესიის არჩევანს აკეთებს, პირველ რიგში, იმაზე ფიქრობს, თუ რამდენად აინტერესებს, უყვარს, მოსწონს და მომავალში სურს ამ მიმართულებით მუშაობა. ამავდროულად, ინტერესის გარდა, არის კიდევ ერთი კრიტერიუმი – თუ რამდენად სასარგებლო იქნება ეს პროფესია მისთვის მატერიალური თვალსაზრისით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ახალგაზრდებს ვურჩევდი, შეარჩიონ სწორედ ის სპეციალობა, რაც მათ აინტერესებთ, იზიდავთ და უყვართ. რადგან ვფიქრობ, მხოლოდ სწორედ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი მათ მიერ ამა თუ იმ პროფესიის წარმატებით დაუფლება, რაც შემდგომ მნიშვნელოვანწილად დაეხმარება მათ პერსპექტიული დასაქმების თვალსაზრისით.

უნივერსიტეტში სწავლისას აქტიურად ვმონაწილეობდი სამეცნიერო კვლევით კონფერენციებში, სადაც ვეცნობოდი როგორც სამეცნიერო კვლევებს ლიტერატურის ამა თუ იმ მიმართულების შესახებ, ასევე სწავლების უახლეს მეთოდებსა და მიდგომებს სწავლა–სწავლების პროცესისათვის.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თავის მხრივ, ყველაფერს აკეთებს, რათა განავითაროს ახალი თაობა, რომელიც იქნება განათლებული, პროფესიონალი და კონკურენტუნარიანი. მის მიზანს წარმოადგენს უნივერსიტეტში სწავლა/სწავლებისა და სამეცნიერო საქმიანობის ინტერნაციონალიზმის ხელშეწყობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს სტუდენტებისათვის ღია აკადემიური გარემოს ჩამოყალიბება, რომელიც ხელს შეუწყობს მათ პიროვნული პოტენციალის სრულად რეალიზებასა და საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროცესებში ინტეგრირებას.