თამთა შავიანიძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016 წელს ჩავირიცხე ,,ქართული ენისა და ლიტერატურის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე. 2020 წელს წარჩინებით დავასრულე ბაკალავრიატის საფეხური და იმავე წელს სწავლა გავაგრძელე ,,ქართული ლიტერატურის’’ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე. 2022 წელს მაგისტრატურის დასრულების შემდგე ჩავაბარე სადოქტორო პროგრამის ,,ფილოლოგია“ მისაღები გამოცდები და ამჟამად ვარ დოქტორანტურის პირველი კურსის სტუდენტი.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავირჩიე რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი, გულწრფელად, რომ ვთქვა, არის ჩემი ოჯახური მგომარეობა – ბავშვობიდანვე ამ უნივერსიტეტის სივრცესთან მიწევდა შეხება და, შეიძლება ითქვას, ჩემთვის მეტად მშობლიური და ახლო გარემო იყო. ვფიქრობ, სწორედ მსგავსი მეგობრული და თბილი ურთიერთობები ქმნის ჩვენი უნივერსიტეტის სახეს და წარმატების საფუძველია.

მეორე მიზეზი იყო სწავლის  მაღალი აკადემიური ხარისხი და შესაძლებლობათა ფართო სპექტრი. უნივერსიტეტი სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა, აიმაღლონ პროფესიული უნარ-ჩვევები და თავი დაიმკვიდრონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

პირადად ჩემთვის, კომფორტია, როცა ერთ უნივერსიტეტში შემიძლია სამივე საფეხურის უმაღლესი განათლების მიღება და ზუსტად ვიცი, რომ აქ მიღებული ცოდნა დააკმაყოფილებს განათლების ხარისხის ყველა სტანდარტს.

ქართული ლიტერატურის მიმართულება და, ზოგადად, ფილოლოგობა ავირჩიე, რადგან ეს პროფესია ყველაზე ახლოს არის ჩემთან, ჩემს პიროვნებასთან და თავს ძალიან თავისუფლად ვგრძნობ. ეს არის სფერო, რომელში საქმიანობაც კარგად გამომდის და შემიძლია საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე გამოვავლინო.

გარდა ამისა, ქართული ფილოლოგია და განსაკუთრებით ლიტერატურა, ორგანული ნაწილია ყველა ქართველისათვის და ერთგვარი საზრდოა სულიერების ამაღლებასა და პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებაში. იყო ამ პროფესიის წარმომადგენელი, ნიშნავს ზრუნავდე შენი ეროვნული თვითშეგნების განვითარებაზეც.

ამჟამად ვემზადები, ჩემი პროფესიით მუშაობისათვის. საუნივერსიტეტო სივრცეში ადგილის დამკვიდრება, აკადემიური მიმართულებით, მოითხოვს უმაღლესი განათლების მესამე საფეხურის გავლასაც,  რაც ჯერ კიდევ არ დამისრულებია.

ამ ეტაპზე ვარ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის საგანამანათლებლო პროგრამების განვითარების განყოფილების უფროსი სპეციალისტი.  აღნიშნულ სამსახურში მუშაობა დავიწყე ჯერ კიდევ მაშინ, როცა მე-2 კურსზე ვიყავი, სტუდენტური დასაქმების ფარგლებში. ჩემთვის ეს გამოცდილება უდიდესი მნიშვნელობისაა, რადგან მუდმივ გამოწვევებთან გამკლავებისა და განვითარების საშულებას იძლევა. თანაც განათლების მიმართულება ახლოსაა ჩემს პროფესიასთან.

ახალგაზრდებს ვურჩევ, რომ პროფესია საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე აირჩიონ, აკეთონ ის საქმე, რომელიც ეყვარებათ და თავს ძალას არ დაატანენ. აირჩიონ ის, რაც მათ პიროვნებასთან ახლოსაა, რათა მომავალში ყოველდღიურ რუტინად არ ექცეთ სამსახურეობრივი საქმიანობა.

უნივერსიტეტში სწავლის დროს საკმაოდ აქტიურად ვმონაწილეობდი როგორც შიდასაუნივერსიტეტო, ისე უნივერსიტეტთაშორის კონფერენციებში. გამომიქვეყნებია რამდენიმე სტატიაც. იმის გამო, რომ სწავლას ახლაც ვაგრძელებ, მომავალშიც აქტიურად ვგეგმავ კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში მონაწილეობას, უფრო მეტად ვიქნები ჩართული საერთაშორისო პროექტებშიც.

დღესდღეობით ჩვენი უნივერსიტეტი ვითარდება ზუსტად იმ სტანდარტებისა და მოთხოვნების დაცვით, რაც საჭიროა უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარებისათვის, ამიტომ რაიმე კონკრეტულის შეცვლას არ ვთვლი მიზანშეწონილად. უბრალოდ, ვუსურვებ მთელ ინსტიტუციას მომავალ განვითარებასა და წარმატებებს, ახალი შესაძლებლობების გამოყენებას.