ვახტანგ ენდელაძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი  საქართველოში ერთ-ერთი მრავალდარგოვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც ახორციელებს შრომის ბაზარზე მოთხოვნად სამივე საფეხურის აკადემიურ და პროფესიულ პროგრამებს.

საერთაშორისო თანამშრომლობით, ინტერნაციონალიზაციის პროცესებში აქტიური ჩართულობით და ინკლუზიური გარემოს შექმნით, წარმართავს მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო, კვლევით და შემოქმედებით საქმიანობას, ხელს უწყობს სტუდენტების პიროვნულ განვითარებას, პროფესიონალებად და ლიდერებად ჩამოყალიბებას.

შესაბამისად, ჩემი არჩევანიც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტზე ამ და სხვა ფაქტორებმა განაპირობა.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში  2014 წელს ჩავირიცხე ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობაზე, დამატებითი საგანმანათლებლო პროგრამით ვსწავლობდი „კლასიკურ ფილოლოგიას“, რომელიც  2018 წელს დავასრულე.

2019-2021 წლებში ვსწავლობდი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კლასიკური ფილოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე, რომელიც დავასრულე  2021 წელს და მომენიჭა კლასიკური ფილოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი (წარჩინების დიპლომი).

2020-2021 წლებში – პედაგოგიური ფაკულტეტის მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლის დასრულების შემდეგ მომენიჭა უფროსი მასწავლებლის სტატუსი ქართულ ენასა და ლიტერატურაში (საბაზო და საშუალო საფეხური).

2021-2024 წლებში – ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე (კვლევითი მიმართულება: კლასიკური ფილოლოგია).

2024 წლის 13 ივლისს დავიცავი სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „მეორეხარისხოვანი პერსონაჟების საკვანძო ფუნქციები ანტიკურ ლიტერატურაში“ და მომენიჭა ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

სტუდენტობის პერიოდიდან  დღემდე მონაწილეობა მაქვს მიღებული 50-მდე სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ ტრენინგებში, სემინარებსა და სასწავლო კურსებში.

გამოქვეყნებული მაქვს 12 სამეცნიერო სტატია. მიღებული მაქვს მონაწილეობა 25 ადგილობრივ თუ საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებაში, ამათგან 15 მოხსენება დაკავშირებულია სადისერტაციო ნაშრომის თემასთან.

2018 წელს ვმონაწილეობდი   კონრად ადენაუერის ფონდის რეგიონული პროგრამის „სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური დიალოგი“ და მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ პროექტში „მსოფლიო რელიგიების კლუბი“ და გავხდი გამარჯვებული ამავე პროექტის  ფარგლებში ჩატარებული ესეების კონკურსის.

2018-2019 წლებში – აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული ცენტრის მიერ განხორციელებულ პროგრამაში: „რეგიონების უზრუნველყოფა ინფორმაციით და ამომრჩეველთა გაძლიერება დემოკრატიისთვის.

2021 წელს – სამოქალაქო საბჭოს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში მიერ განხორციელებულ პროექტში: „მრავალფეროვნება, ინკლუზია და თანაბარი შესაძლებლობები თავდაცვის და უსაფრთხოების ინსტიტუტებში.

ასევე ვიყავი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ზამთრის საერთაშორისო ქართველოლოგიური სკოლის 2015, 2016 და 2018 წლების მონაწილე.

ვმუშაობ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურში. ვარ აღნიშნული სამსახურის უფროსი.

იმ ახალგზარდებს, რომლებმაც პროფესია აწი უნდა აირჩიონ, ვეტყოდი, რომ იმოქმედონ გულისა და გონების კარნახით და დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება. სანამ პროფესიას აირჩევენ, წინასწარ განსაზრვრონ თავიანთი შესაძლებლობები. თუმცა, შესაძლოა, წლების მატებასთან ერთად მათი ინტერესები და შეხედულებები რადიკალურად შეიცვალოს და ახალი პროფესიის შეძენა გადაწყვიტონ.

ჩემი უნივერისტეტიდან სწავლების ყველა საფეხურზე ყოველთვის ვგრძნობდი მხარდაჭერასა და გვერით დგომას.

უნივერსიტეტს ვუსურვებ თავის ტრადიციებსა და არსებულ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით კიდევ მრავალი წელი განაგრძოს წარმატებით სვლა.