მარიკა ვაჭარაძე -აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

ჩემი პროფესია ავირჩიე იმიტომ, რომ მომწონდა და ვიცოდი, რომ ბევრ სფეროში „ჩახედვის“ შესაძლებლობას მომცემდა. ჟურნალისტიკა გაჩერების, შესვენების უფლებას არ გაძლევს. და თუ მაინც შეჩერდები, ჩამოისვენებ, მიხვდები, რომ დროს ჩამორჩი და სამყარო შენზე გაცილებით წინ არის.

ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ გავაგრძელე სწავლა სამაგისტრო საფეხურზე, თუმცა ავირჩიე დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობები. რა თქმა უნდა, ჩემს საყვარელ უნივერსიტეტში.

ამჟამად ვმუშაობ საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, იმერეთის რეგიონში;

იმ ადამიანებს, რომლებმაც პროფესია აწი უნდა აირჩიონ, ვეტყოდი, რომ ძალიან ბევრი შრომა, სიახლეების და გამოწვევების მიღება, შეცდომების გააზრებაა მნიშვნელოვანი.

აუცილებელია, თანხვედრაში მოიყვანონ სურვილი, შესაძლებლობა და უნარი. გაითვალისწინონ, რომ პროფესიამ არ უნდა დაგღალოს, მეტიც, მისგან სიამოვნება უნდა მიიღო.

რაც შეეხება კონფერენციებს,  არაერთ კონფერენციაში მიმიღია მონაწილეობა.

ჩემი სტუდენტობის პერიოდში (ბაკალავრიატი) ჩვენი ინიციატივები მცირებასშტაბიანი იყო. თუმცა იმ პერიოდის მოცემულობიდან გამომდინარე, ვთვლი, რომ ეს იყო მაქსიმუმი.

სტუდენტებს ძალიან მოსწონთ მათზე მორგებული სერვისები, მოსწონთ, როდესაც მათ ეკითხებიან აზრს და თავადაც არიან ჩართულები, სწავლის პარალელურად გართობა სტუდენტური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია, ამიტომ ამ მიმართულებით გასული წელი ვთვლი, რომ აქტიური იყო, ბევრი საინტერესო ფორუმი და კონფერენცია დაიგეგმა. ვფიქრობ, ამ კუთხით კიდევ უფრო უნდა გააქტიურდეს და მრავალფეროვანი გახდეს სტუდენტური ცხოვრება.