კობა ნოზაძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012 წელს ჩავირიცხე ბიზნეს, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე (მიმართულება: მასობრივი კომუნიკაციები; ჟურნალისტიკა). ჩემი მთავარი მოტივაცია, თუ რატომ ავირჩიე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იყო ის, რომ უპირველესად მიყვარდა ქალაქი ქუთაისი, იმერეთი, ასევე ვიცოდი, რომ აწსუ საუკეთესო უნივერსიტეტი იყო, რომელიც დიდ ცოდნას და გამოცდილებას მომცემდა, არც შევმცდარვარ. ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ სწავლა გავაგრძელე მაგისტრატურაზე, პოლიტიკის მეცნიერებების მიმართულებით, თუმცა მანამდე გავიარე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთწლიანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „აგროლოჯისტიკა“. ვმუშაობდი არასამთავრობო სექტორში .
ყველაზე დიდი ნაბიჯი კი ჩემი პროფესიის მხრივ გადავდგი პრაქტიკულ ჟურნალისტიკაში, როდესაც „მთავარ არხზე“ დავიწყე მუშაობა ,”ნანუკას შოუსა ” და გადაცემა “თქვენი ხმის” ჟურნალისტად. მთავარი არხის დატოვების შემდეგ წავედი ერთ-ერთ პოლიტიკურ პარტიაში.
ჩემი მთავარი წარმატების გზა,ალბათ, ადამიანების სიყვარულია, რაც ჩემს ორივე პროფესიას ავსებს. ხალხის სიყვარულის გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევ .
მიყვარს ხალხთან ურთიერთობა, მათი პრობლემების გაგება და გადაწყვეტის გზების ძიება, ჟურნალისტიკაც და პოლიტიკაც ამის გარანტორია.
ახალგაზრდებს ვურჩევ, რომ საკუთარ გულის კარნახს მიენდნონ ,თუ არ გიყვარს შენი პროფესია, მერწმუნეთ წარმატებული ვერასოდეს ვერ იქნებით.
ჩემი ცხოვრებისეული კრედოა: დაისახე მიზანი, იყავი აქტიური და ყველაფერი გამოვა…
ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც სწავლას იწყებთ, რომ აქტიურად იყოთ ჩართული სხვადასხვა პროექტებში, გაცვლით პროგრამებსა თუ აქტივობებში. მე ყოველთვის აქტიური სტუდენტი ვიყავი. ყოველთვის ვცდილობდი, სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობას, რამაც ჩემი მსოფლმხედველობა დიდად გააფართოვა და მრავალფეროვანი გახადა. ყველაფერ ამაში უნივერსიტეტი, რა თქმა უნდა, ხელს მიწყობდა .
ვფიქრობ, რომ აუცილებლად აქტიურები უნდა იყოთ და შედეგზე ორიენტირებული.
ისწავლეთ ყოველდღე, გაიცანით ახალი ადამიანები, იკითხეთ ბევრი და გამოგიმუშავდებათ ის უნარები, რომლებიც ცხოვრებაში წარმატების საწინდარია.
ჩემს მშობლიურ უნივერსიტეტს ვურჩევ, რომ მეტად თავისუფლად მოაზროვნე ადამიანები გაზარდოს, მეტად შეუწყოს ხელი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას სწავლების პროცესში, მისცეს შანსი და მოტივაცია ახალგაზრდებს და შეუწყოს ხელი დასაქმებაში .
მიყვარს ეს ადგილი, ეს ადამიანები, ეს ქალაქი… ბედნიერი ვარ, რომ წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 4 ნაყოფიერი, საინტერესო წელი გავატარე.