ნანუკა ლომიძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

2020  წელს დავასრულე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ინგლისური ენისა და ლიტერატურის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა. ბაკალავრიატის  დასრულებისთანავე ჩავირიცხე „საჯარო მმართველობის“ სამაგისტრო პროგრამაზე, რომელიც დავასრულე წარჩინებით. 2021-2022 სასწავლო  წელს გავიარე პედაგოგიური ფაკულტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (მოდული: ინგლისური ენა-დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური). ამჟამად, დასაქმებული ვარ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელ ცენტრში ენების კურსების სპეციალისტის პოზიციაზე და ვარ ინგლისური ენის საათობრივად მოწვეული ლექტორი.

სწორი პროფესიის არჩევა ნიშნავს ისეთი სფეროს პოვნას, რომელიც შეესაბამება ადამიანის ინტერესებს, უნარებს და ღირებულებებს, რაც მას მოტივაციასა და კმაყოფილებას მოუტანს. ჩემი პროფესიული არჩევანი განაპირობა ინგლისური ენისადმი დიდმა ინტერესმა, შემესწავლა უცხო ენა და შემდეგ საფუძვლიანად მესწავლებინა ნებისმიერ საგანმანათლებლო საფეხურზე. მრავალფეროვანი ტრადიციების და თანამედროვე სტანდარტების მქონე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავირჩიე იმიტომ, რომ ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში აქტიურად ვადევნებდი თვალს უნივერსიტეტის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა აქტივობებს. არჩევანმა ნამდვილად გაამართლა, რადგან პროფესიულ ზრდასთან ერთად, მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი აქ ქმნიან მეგობრულ და ჯანსაღ სასწავლო გარემოს.

უნივერსისტეტი ყოველთვის გვთავაზობდა სხვადასხვა ტიპის აქტივობებს, კონფერენციებს,რომელშიც აქტიურად ვიყავი ჩართული. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი იყო  ‘PH Internaitonal’ მიერ განხორციელებული და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტი CTEL II „სამოქალაქო განათლება და ტექნოლოგიები ინგლისური ენის გამოყენებით“. პროგრამა მიზნად ისახავდა შესაბამის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, სხვადასხვა თანამედროვე ელ. სასწავლო რესურსის გამოყენებით ინტეგრირებული სწავლების მოდელის გაცნობას და დანერგვას.

პროფესიის არჩევამდე ახალგაზრდებმა სწორად უნდა დაისახონ მიზნები და შეაფასონ საკუთარი შესაძლებლობები. განსაზღვრონ, რა არის მათთვის მნიშვნელოვანი, შექმნან ისეთი გარემო, რომელშიც აქტიურად განახორციელოებენ საკუთარ იდეებს. აირჩიონ სწორი პროფესია გულისხმობს არა მხოლოდ ფინანსურ სტაბილურობას, არამედ იმ საქმიანობით დაკავებას, რომელიც მათ შთაგონებას და განვითარების შესაძლებლობას მისცემს.