ნინო გაჩეჩილაძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავირჩიე, ვინაიდან  იგი არის რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი და ხარისხიანი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც გამოირჩევა პროფესიონალი აკადემიური პერსონალითა და სტუდენტებზე ორიენტირებული მიდგომით. უნივერსიტეტს გააჩნია მაღალი სტანდარტის საგანმანათლებლო პროგრამები, მათ შორის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამა, რომლის ფარგლებში შესაძლებელია როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნის მიღება.

პროფესიულ არჩევანს რაც შეეხება: ეკონომიკა წარმოადგენს უნივერსალურ და მნიშვნელოვან სფეროს, რომელიც აუცილებელია ქვეყნის განვითარებისათვის. პროფესიის არჩევისას გავითვალისწინე, რომ ეკონომიკის ცოდნა იძლევა ანალიტიკური აზროვნების, პრობლემების მრავალმხრივი შეფასებისა და სწორი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. აღნიშნული მიმართულება საშუალებას მაძლევს, ვიყო ჩართული ეკონომიკურ პროცესებში და მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოვიყენო.

ამჟამად ვსწავლობ ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე. ეს გადაწყვეტილება განპირობებულია პროფესიული ზრდისა და სიღრმისეული ცოდნის მიღების სურვილით. სამაგისტრო სწავლება მნიშვნელოვნად გაზრდის ჩემს შესაძლებლობებს როგორც აკადემიურ, ასევე პროფესიულ საქმიანობაში.

ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში დავიწყე მუშაობა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურში, სადაც დღემდე ვაგრძელებ საქმიანობას.სამუშაო გარემო, სადაც ყოველდღიურად მაქვს ურთიერთობა სტუდენტებთან და ადმინისტრაციასთან, მეხმარება პროფესიულ ზრდასა და კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებაში. აღნიშნული გამოცდილება მეხმარება მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაში და პროფესიული კომპეტენციების გაღრმავებაში.

წარმატებული კარიერის საფუძვლად მიმაჩნია მიზანდასახულობა, შრომისმოყვარეობა, მუდმივი განვითარებისა და ახალი ცოდნის დაუფლების სურვილი. სწავლისა და სამუშაო გამოცდილების პარალელურად შევიძინე უნარები, რომლებიც მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის ჩემი პროფესიული წინსვლისათვის.
ახალგაზრდებს ვურჩევდი  პროფესიის შერჩევისას იხელმძღვანელონ    საკუთარი ინტერესებითა და შესაძლებლობებით. მნიშვნელოვანია, გაანალიზონ, რომელ სფეროში ხედავენ საკუთარ მომავალს და როგორ შეიძლება მათი ცოდნა და უნარები რეალურად სასარგებლო გახდეს. აგრეთვე, სასურველია, სტუდენტებმა აქტიურად ისარგებლონ უნივერსიტეტში არსებული შესაძლებლობებით – ჩაერთონ სტაჟირებებსა და პროექტებში, რადგან პრაქტიკული გამოცდილება უმნიშვნელოვანესია პროფესიული წარმატებისთვის.
ბაკალავრიატში სწავლის პერიოდში  ვმონაწილეობდი უნივერსიტეტში ორგანიზებულ  ღონისძიებებში. მათ შორის გამოვყოფდი კონფერენციებში მონაწილეობას, სადაც შესაძლებლობა მქონდა გამეზიარებინა საკუთარი ცოდნა და გამოცდილება, ასევე მიმეღო ინფორმაცია სხვადასხვა კვლევისა და ინოვაციური მიდგომების შესახებ. ამ პროცესმა მნიშვნელოვნად განავითარა ჩემი აკადემიური და პროფესიული უნარები, გააფართოვა ხედვა და შემძინა ახალი კონტაქტები.
უნივერსიტეტი ხელს უწყობს სტუდენტების ინიციატივებისა და იდეების განხორციელებას. აღნიშნული განსაკუთრებით თვალსაჩინოა სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურის საქმიანობის ფარგლებში, სადაც მუშაობის გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ უნივერსიტეტი ორიენტირებულია სტუდენტების ინტერესების დაცვაზე.

სასურველია, კიდევ უფრო გაძლიერდეს პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლების ელემენტები, სტაჟირების პროგრამები და მჭიდრო თანამშრომლობა კერძო სექტორთან. ასევე, მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოება და გაცვლითი პროგრამების ხელმისაწვდომობის გაზრდა, რაც სტუდენტებს კონკურენტუნარიანობას გაუზრდის როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ შრომის ბაზარზე.