თამთა ჩაგანავა – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავირჩიე, რადგან იგი მოწინავე საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელსაც აქვს მრავალწლიანი ღირსეული მოღვაწეობის ისტორია. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლება მიმდინარეობს მაღალი აკადემიური სტანდარტებით ათეულობით საგანმანათლებლო პროგრამაზე. ჩვენი უნივერსიტეტი გამოირჩევა პროფესიონალი აკადემიური პერსონალით, რომლებიც თავიანთი პრაქტიკული და თეორიული ცოდნის საფუძველზე უზრუნველყოფენ სტუდენტთა მომზადებას შრომის ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის მოპოვებისათვის.
ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამა ავირჩიე იმის გამო, რომ ყოველთვის მქონდა ინტერესი, მათემატიკის, რიცხვების, ფულისა და ფინანსების, მეწარმეობის მიმართ. სწორედ ეს არის სპეციალობა, რომელიც აერთიანებს ამ ყველაფერს. ბიზნესის ეფექტური დაგეგმვა და ადმინისტრირება, სწორი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება შესაძლებელს ხდის როგორც საკუთარი, ისე სხვების კეთილდღეობისა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფას. სწორედ ამ ყველაფრისთვის საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების მიღებისთვის არის საუკეთესო არჩევანი ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობა. სწავლის პერიოდში მონაწილეობა მივიღე არაერთ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციასა და ტრენინგში, გამოვაქვეყნე სამეცნიერო ნაშრომები, ჩავატარე არაერთი სამეცნიერო კვლევა, რამაც მომცა პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა.
ამჟამად ვსწავლობ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე, ვინაიდან მსურს კიდევ უფრო გავიღრმავო ცოდნა ამ მიმართულებით და მიღებული ცოდნა გამოვიყენო ისეთი ღირებულების შექმნისთვის, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და ფინანსურ სტაბილურობას შეუწყობს ხელს.
დასაქმებული ვარ საბანკო სექტორში ბიზნეს დაკრედიტების მიმართულებით, პარალელურად ვარ ტრენერი ფინანსებისა და მეწარმეობის საკითხებში და აქტიურად ვუზიარებ ჩემს ცოდნასა და გამოცდილებას სხვადასხვა კატეგორიის მსმენელებს. ამ მიმართულებებით მუშაობა კიდევ უფრო მეტი პრაქტიკული გამოცდილების შეძენისა და პროფესიული წინსვლის საშუალებას მაძლევს.
ვფიქრობ, კარიერული წარმატების უმთავრესი საფუძველი არის შრომისმოყვარეობა, დისციპლინა და ინტერესი არჩეული საქმისა და პროფესიის მიმართ.
ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა ირჩევენ პროფესიას, ვეტყოდი, რომ აუცილებლად მიყვნენ იმ პროფესიულ ინტერესებს, რომლებიც აქვთ და არ დაიშურონ ენერგია წარმატებისკენ მიმავალ გზაზე, იკითხონ და ისწავლონ ძალიან ბევრი, მოუსმინონ პროფესიონალებს და არ შეწყვიტონ განვითარება.

