ამანდა ტყეშელაშვილი – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავირჩიე იმიტომ, რომ ის ჩემთვის მხოლოდ განათლების მიღების სივრცე არ იყო – ეს იყო ადგილი, სადაც უნდა ჩამოყალიბებულიყო ჩემი პროფესიული იდენტობა. აქ ვიპოვე გარემო, სადაც ცოდნა არ შემოიფარგლება თეორიით, არამედ ცოცხლდება პრაქტიკაში, ადამიანებთან ურთიერთობაში და პასუხისმგებლობაში. სწორედ ეს უნივერსიტეტი გახდა ჩემი პროფესიული ზრდის საწყისი პლატფორმა.
მედიცინა ჩემთვის არჩევანი არ ყოფილა – ეს იყო შინაგანი გადაწყვეტილება, პასუხისმგებლობა ადამიანის სიცოცხლის წინაშე. მე ავირჩიე პროფესია, სადაც ყოველი გადაწყვეტილება შეიძლება ადამიანის ბედს ცვლიდეს. ექიმობა ნიშნავს არა მხოლოდ დაავადების მკურნალობას, არამედ იმედის დაბრუნებას მაშინ, როცა ეს ყველაზე მეტად სჭირდება ადამიანს.
2025 წელს გავაგრძელე სწავლა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამაგისტრო პროგრამაზე – საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და ჯანდაცვის პოლიტიკა.
ამავდროულად, ველოდები ერთიანი დიპლომისშემდგომ საკვალიფიკაციო პროგრამაში ჩართვას და აქტიურად ვარ ჩართული კლინიკურ პრაქტიკაში, რაც საშუალებას მაძლევს, თეორიული ცოდნა ყოველდღიურად გადავიტანო რეალურ პაციენტებთან მუშაობაში.
ამჟამად ვმუშაობ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მედიცინის ფაკულტეტზე, საბაზისო და პრეკლინიკური მედიცინის დეპარტამენტში ( ვარ მოწვეული სპეციალისტი).
ამავდროულად, ვმუშაობ კლინიკაში უმცროსი ექიმის პოზიციაზე, სადაც ყოველდღიურად ვარ ჩართული პაციენტებზე ზრუნვისა და მკურნალობის პროცესში.
ჩემი კარიერული გზის საფუძველია უწყვეტი განვითარება, დისციპლინა და პასუხისმგებლობა. მედიცინა არის სფერო, სადაც ცოდნა ყოველდღიურად განახლებას საჭიროებს, და წარმატება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მზად ხარ მუდმივად ისწავლო. ასევე, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ემპათიას – რადგან პაციენტისთვის ექიმი მხოლოდ პროფესიონალი კი არა, ხშირად იმედის ბოლო წერტილია. ჩემი სტუდენტური და პროფესიული გზა მჭიდროდ იყო დაკავშირებული პრაქტიკასთან – დავესწარი არაერთ ოპერაციას და დღემდე აქტიურად ვარ ჩართული პაციენტებზე ზრუნვის პროცესში. პარალელურად, ვმართავ სამედიცინო თემატიკის სოციალურ პლატფორმებს, სადაც ვუზიარებ ცოდნასა და გამოცდილებას მომავალ მედიკოსებს. ჩემთვის ცოდნა მაშინ იძენს ღირებულებას, როცა ის გაზიარებულია.
იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა ირჩევენ პროფესიას, ვეტყვი, რომ აირჩიონ პროფესია არა მხოლოდ გონებით, არამედ გულით. განსაკუთრებით მედიცინაში – ეს არ არის მხოლოდ კარიერა, ეს არის ცხოვრების გზა. თუ მზად ხარ, საკუთარ თავზე მეტი პასუხისმგებლობა აიღო და ყოველდღე განვითარდე, მაშინ ეს გზა შენთვისაა. არასოდეს შეგეშინდეთ დიდი მიზნების – სწორედ ისინი გვზრდიან.
სტუდენტობის პერიოდში აქტიურად ვიყავი ჩართული როგორც საუნივერსიტეტო, ისე ქვეყნის მასშტაბის კონფერენციებსა და საგანმანათლებლო პროექტებში. ეს გამოცდილება ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან მაძლევდა შესაძლებლობას, ცოდნა გამეზიარებინა და ამავე დროს ახალი ცოდნა მიმეღო პროფესიონალებისგან.
უნივერსიტეტი ყოველთვის იყო სივრცე, სადაც ინიციატივა ფასდება. მქონდა შესაძლებლობა, აქტიურად ვყოფილიყავი ჩართული სხვადასხვა საგანმანათლებლო და აკადემიურ პროცესში, მათ შორის სტუდენტთა ტუტორობის მიმართულებით, რაც მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ჩემი პროფესიული განვითარების გზაზე.

