მარიამ მაღლაკელიძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში. იგი, როგორც უდიდესი ისტორიისა და ტრადიციების მქონე ერთ-ერთი უძველესი საგანმანათლებლო კერა, სტუდენტებს სთავაზობს მათზე ორიენტირებულ, თანამედროვე გამოწვევებზე მორგებულ, ხარისხიან სასწავლო გარემოს, სადაც თითოეულ ჩვენგანს ეძლევა შესაძლებლობა მიიღოს ღრმა თეორიული ცოდნა და გამოიმუშავოს აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

ჩემთვის სამართლის სპეციალობის არჩევა და, შესაბამისად, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტში სწავლის გაგრძელება კარგად გაცნობიერებული გადაწყვეტილება იყო. ზოგადად, გერქვას ღირსეული იურისტი საკმაოდ დიდ ძალისხმევას, შრომას, მუდმივად განვითარებაზე ფიქრს, ახლის ძიებას, პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობასა და იმ უნარ-ჩვევების მთელ წყებას მოითხოვს, რომელთა ჩამოყალიბებაში უზარმაზარ როლს, სწორედ რომ, უნივერისტეტი თამაშობს. ამ მხრივ, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტი ნამდვილად გამორჩეულია.

უნივერსიტეტში მიღებულმა ცოდნამ შესაძლებლობა მომცა, მონაწილეობა მიმეღო არაერთ ადგილობრივ, ეროვნულ თუ საერთაშორისო კონკურსში, ლექცია-სემინარებში, ტრენინგ-კურსებსა და კონფერენციებში. არაერთხელ მომიპოვებია საპრიზო ადგილი. სწავლის პერიოდში შესაძლებლობა მქონდა სტაჟირება გამევლო სხვადასხვა დაწესებულებაში. მრავალი პროექტის ფარგლებში გამეზიარებინა საკუთარი ცოდნა სხვებისთვის.

ამ ყოველივეს პარალელურად კი, მუდმივად ვგრძნობდი უნივერსიტეტის თანადგომას, მუდმივ მზაობას ხელი შეეწყოთ აქტიური სტუდენტებისთვის და წაეხალისებინათ მათი მონდომება.

ამჟამად ვსწავლობ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე.

ჩემთვის ნამდვილად საამაყოა ის ფაქტი, რომ მშობლიურმა უნივერსიტეტმა მომცა  შესაძლებლობა იმისა, რომ საკუთარი პროფესიით დავსაქმებულიყავი ამავე უნივერსიტეტში და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კედლებში გამეგრძელებინა კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა.

ახალგაზრდებს, რომელთაც ახლა უნდა აირჩიონ პროფესია, ვურჩევდი, რომ კარგად აწონ-დაწონონ საკუთარი ინტერესები, შეაფასონ მათი უნარ-ჩვევები, სამომავლო მიზნები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება კონკრეტული პროფესიის არჩევასთან დაკავშირებით. ნებისმიერ შემთხვევაში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი იქნება ადგილი, რომელიც მოგცემთ პიროვნული და პროფესიული ზრდის საშუალებასა და რეალურ შესაძლებლობას.