მარიამ შვანგირაძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავირჩიე, რადგან იგი გამოირჩევა მაღალი აკადემიური სტანდარტებით, მდიდარი ტრადიციებითა და თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომებით. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ისეთი გარემო, სადაც პროფესიონალი ლექტორები სტუდენტებს არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას გადასცემენ, არამედ უზიარებენ ღირებულებებს, რომლებიც ჰუმანიტარული სფეროს განვითარებისთვისაა აუცილებელი. ეს უნივერსიტეტი გახდა სივრცე, სადაც ჩემი აკადემიური და პიროვნული ზრდა ჰარმონიულად შეერწყა ერთმანეთს.

ქართული ენა და ლიტერატურა შევისწავლე იმიტომ, რომ ყოველთვის მაინტერესებდა ჩვენი კულტურული იდენტობის ფუნდამენტის კვლევა. მჯერა, რომ სწორი ლიტერატურული ანალიზითა და ენის სიღრმისეული წვდომით შესაძლებელია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება. მინდოდა ისეთი პროფესია, რომელიც არა მხოლოდ კარიერულად წარმატებისკენ მიმიყვანდა, არამედ ჩემი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და განვითარებაზეც იქნებოდა ორიენტირებული.

ამჟამად, სწავლის პარალელურად, უკვე ორი წელია ვმუშაობ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურში. ეს გამოცდილება ჩემთვის ძალზე ღირებულია, რადგან მაძლევს შესაძლებლობას, თეორიულად მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოვიყენო, განვივითარო ორგანიზაციული უნარები და უკეთ გავიგო თანამედროვე საგანმანათლებლო გარემოს მოთხოვნები. ჩემი მიზანია, მომავალშიც ვიყო ჩართული იმ პროექტებსა და ინიციატივებში, რომლებიც ხელს შეუწყობს სტუდენტების აქტივობას, მათი პოტენციალის რეალიზებასა და უნივერსიტეტის განვითარებას.

ვფიქრობ, წარმატებული კარიერული გზის საფუძველი არის უწყვეტი განვითარება, შრომისმოყვარეობა, მიზანსწრაფულობა და ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი. მხოლოდ თეორიული ცოდნა საკმარისი არ არის — მნიშვნელოვანია იყო ინოვაციური, გქონდეს კრიტიკული აზროვნება და ახალ გამოწვევებთან ადაპტაციის უნარი.

ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა დგანან პროფესიის არჩევის წინაშე, ვურჩევდი, გადაწყვეტილება მიიღონ საკუთარი ინტერესებისა და ნიჭის გათვალისწინებით. მთავარია, აირჩიონ საქმე, რომელიც მათ შთაგონებას მისცემთ. სწორედ საკუთარი გზის პოვნა და მასში სულის ჩადება არის ის, რაც ადამიანს პროფესიულად და პიროვნულად ამაღლებს.