თათია ქათამაძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული
2020 წელს ჩავირიცხე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე, დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე (PBL). დღეს, ექვსწლიანი საინტერესო, მრავალფეროვანი და ამავდროულად გამოწვევებით სავსე გზის შემდეგ, ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ვარ.
ეს წლები ჩემთვის მხოლოდ პროფესიული განათლების მიღების პერიოდი არ ყოფილა. უნივერსიტეტმა მომცა შესაძლებლობა, ჩამოვყალიბებულიყავი არა მხოლოდ მომავალ ექიმად, არამედ ადამიანად, რომელსაც შეუძლია კრიტიკულად აზროვნება, პასუხისმგებლობის აღება და მუდმივი განვითარება. მედიცინის შესწავლამ მასწავლა, რომ ექიმობა მხოლოდ ცოდნა არ არის, ეს არის ადამიანების ნდობის გამართლება, ემპათია, შრომა და საკუთარი თავის ყოველდღიური სრულყოფა.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავირჩიე მისი მრავალწლიანი აკადემიური ტრადიციების, პროფესიონალი აკადემიური პერსონალისა და თანამედროვე სწავლების მეთოდების გამო. განსაკუთრებული ინტერესი სწორედ PBL პროგრამამ გამოიწვია, რადგან ის სტუდენტს ცოდნის მექანიკური დამახსოვრების ნაცვლად კლინიკური აზროვნების, დამოუკიდებელი ანალიზისა და პრაქტიკული უნარების განვითარებაზე ამახვილებს ყურადღებას. დღეს დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს არჩევანი სწორი იყო.
ექიმობა ჩემთვის ყოველთვის გაცილებით მეტი იყო, ვიდრე პროფესია. ეს არის შესაძლებლობა, ცოდნა და ადამიანური თანაგრძნობა ერთმანეთთან დააკავშირო და რეალური დახმარება გაუწიო ადამიანს ყველაზე რთულ მომენტებში. სწორედ ამ პასუხისმგებლობამ, ადამიანების დახმარების სურვილმა და მუდმივი განვითარების შესაძლებლობამ გადამაწყვეტინა მედიცინის არჩევა.
ჩემი პროფესიული განვითარების შემდეგი ეტაპი რეზიდენტურაში სწავლის გაგრძელებაა. მიმაჩნია, რომ მედიცინა მუდმივი სწავლასა და ცოდნის განახლებას მოითხოვს, ამიტომ მიზნად ვისახავ არჩეულ სპეციალობაში კვალიფიკაციის გაღრმავებას და პროფესიულ ზრდას.
სამედიცინო სფეროში მუშაობის მცირე გამოცდილება უკვე მაქვს, თუმცა ამ ეტაპზე არ ვარ დასაქმებული. ამჟამად ორიენტირებული ვარ პროფესიული განვითარების მომდევნო ეტაპზე და უახლოეს მომავალში ვგეგმავ საქმიანობის გაგრძელებას ჩემი სპეციალობის შესაბამისად.
ვფიქრობ, წარმატებული კარიერის საფუძველია ხარისხიანი განათლება, მუდმივი სწავლა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პროფესიული ეთიკის დაცვა და პაციენტისადმი ჰუმანური დამოკიდებულება. ამასთანავე, აუცილებელია საკუთარი ცოდნის მუდმივი განახლება, რადგან მედიცინა მუდმივად ვითარდება.
იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც პროფესია ახლა უნდა აირჩიონ, ვეტყოდი, ნუ აირჩევთ პროფესიას მხოლოდ იმის მიხედვით, თუ რას გირჩევენ სხვები ან რა ითვლება წარმატებულად. აირჩიეთ საქმე, რომელიც თქვენში ინტერესს, პასუხისმგებლობასა და განვითარების სურვილს აღვიძებს. როდესაც პროფესია საკუთარ ინტერესებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანია, შრომა მიზნად იქცევა და არა ტვირთად.
უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში აქტიურად ვესწრებოდი პროფესიულ ტრენინგებსა და საგანმანათლებლო ღონისძიებებს, რომლებიც ხელს უწყობდა როგორც ცოდნის გაღრმავებას, ისე პრაქტიკული უნარების განვითარებას. აღნიშნულმა აქტივობებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩემს პროფესიულ ზრდასა და ჩამოყალიბებაში.
უნივერსიტეტმა შემიქმნა გარემო, რომელმაც მომცა როგორც ხარისხიანი თეორიული ცოდნის მიღების, ისე პრაქტიკული უნარების განვითარების შესაძლებლობა.განსაკუთრებით დასაფასებელია უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მხარდაჭერა, მათი მზადყოფნა, ცოდნა და გამოცდილება გაეზიარებინათ სტუდენტებისთვის. სწორედ ამ გარემომ მომცა შესაძლებლობა, პროფესიულად უფრო თავდაჯერებული და მოტივირებული გავმხდარიყავი.
ვფიქრობ, უნივერსიტეტი წარმატებით პასუხობს თანამედროვე სამედიცინო განათლების მოთხოვნებს. მომავალში კი სასურველი იქნებოდა პრაქტიკული სწავლების შესაძლებლობების კიდევ უფრო გაფართოება, კლინიკურ ბაზებზე სტუდენტების უფრო აქტიური ჩართულობა და პროფესიული ტრენინგების სიხშირის გაზრდა. მსგავსი ინიციატივები სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას, თეორიული ცოდნა კიდევ უფრო ეფექტურად გადაიტანონ პრაქტიკაში და პროფესიული საქმიანობისთვის უკეთ მომზადებულები შეხვდნენ მომავალ გამოწვევებს.

