ხატია ხვისტანი – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩემთვის ის გარემოა, სადაც პროფესიული ცოდნის მიღებასთან ერთად სტუდენტს საკუთარი შესაძლებლობების განვითარებისა და სხვადასხვა მიმართულების აღმოჩენის შესაძლებლობა აქვს. სწორედ ამ უნივერსიტეტს დავუკავშირე ჩემი სტუდენტობის მნიშვნელოვანი ეტაპი.
2022 წელს ჩავირიცხე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე, კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალობაზე და 2026 წელს დავასრულე სწავლა.
უნივერსიტეტში გატარებული წლები ჩემთვის მხოლოდ პროფესიული ცოდნის მიღებას არ უკავშირდება. სწავლის პერიოდში შესაძლებლობა მქონდა, გამომეცადა სხვადასხვა მიმართულება, აღმომეჩინა ჩემი ინტერესები და თანდათან ჩამომეყალიბებინა პროფესიული ხედვა. კომპიუტერულმა მეცნიერებებმა მასწავლა პრობლემების სხვადასხვა გზით დანახვა, დამოუკიდებლად მუშაობა და მუდმივი განვითარება.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავირჩიე, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ხარისხიანი განათლების მიღება და ისეთი გარემო, სადაც პროფესიულ განვითარებასთან ერთად საკუთარი ინტერესების აღმოჩენაც შემეძლებოდა. სწავლის პროცესში განსაკუთრებით დამაინტერესა ტექნოლოგიებისა და ადამიანის ურთიერთქმედებამ, რამაც UI/UX დიზაინის მიმართულებით განვითარების სურვილი გამიჩინა.
კომპიუტერული მეცნიერებები იმიტომ ავირჩიე, რომ ტექნოლოგიების სფერო მუდმივად ვითარდება და ყოველთვის გაძლევს ახალი ცოდნის მიღებისა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის საშუალებას. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა პრობლემების გადაჭრა და ტექნოლოგიების გამოყენებით ადამიანებისთვის მარტივი და ეფექტური გადაწყვეტილებების შექმნა.
სწავლის დასრულების შემდეგ განათლება სამაგისტრო საფეხურზე გავაგრძელე. ამ ეტაპზე მიღებული განათლების შესაბამისად ჯერ სრულად დასაქმებული არ ვარ, თუმცა Skillwill-ის კოლეჯში მენტორის პოზიციისთვის გავდივარ შესაბამის ტრენინგებს. მალე უკვე სრულფასოვანი მენტორის როლში შევძლებ მუშაობას და მიღებული ცოდნის სხვა სტუდენტებისთვის გაზიარებას.
ვფიქრობ, კარიერული გზის საფუძველი მუდმივი სწავლა, პრაქტიკა და საკუთარი ინტერესების აღმოჩენაა. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ყოველწლიურად ვიღებდი მონაწილეობას სტუდენტურ კონფერენციებში, რამაც პროფესიულ განვითარებასთან ერთად საკუთარი იდეების წარდგენისა და აუდიტორიასთან კომუნიკაციის გამოცდილებაც მომცა.
უნივერსიტეტში სხვადასხვა იდეის განხორციელებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ლექტორების მხარდაჭერა. მათი რჩევები, გამოცდილების გაზიარება და სტუდენტებისადმი ყურადღება ჩემთვის სწავლის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო.
ახალგაზრდებს, რომლებიც პროფესიის არჩევის წინაშე დგანან, ვურჩევდი, გადაწყვეტილება მხოლოდ სხვისი რჩევით ან პროფესიის პოპულარობის მიხედვით არ მიიღონ. მნიშვნელოვანია, საკუთარ ინტერესებსა და შესაძლებლობებს დააკვირდნენ და არ შეეშინდეთ სხვადასხვა მიმართულების გამოცდის.

