ნოდარი გურგენაშვილი – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012 წელს ჩავირიცხე და ბაკალავრიატი დავასრულე 2016 წელს. იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვობიდან უფრო ჰუმანიტარული მეცნიერებები მიზიდავდა, უმაღლეს სასწავლებელში სწორედ ამ მიმართულებით ჩავაბარე, ისტორიის საბაკალავრო პროგრამაზე. კონკრეტულად ამ უნივერსიტეტის არჩევის რამდენიმე მიზეზი მქონდა: უნივერსიტეტის ისტორია, მისი წარსული… ამავე დროს ჩემი ოჯახის წევრებმაც ამ უნივერსიტეტში მიიღეს განათლება და კიდევ ერთი მიზეზი იყო ტერიტორიული სიახლოვე. ისტორიის სპეციალობა იმიტომ ავირჩიე, რომ ბავშვობიდანვე მიზიდავდა და განსაკუთრებული სიახლოვე მქონდა ამ სფეროსთან. მიყვარდა როგორც საქართველოს, ისე მსოფლიო ისტორიის შესახებ წიგნების კითხვა. ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ გადავწყვიტე, ისევ წერეთლის უნივერსიტეტში გამეგრძელებინა სწავლა მაგისტრატურაზე, საქართველოს ისტორიის განხრით, რომელიც 2019 წელს დავასრულე. ამ ეტაპზე დასაქმებული პროფესიის მხრივ არ ვარ და მოლარე ოპერატორად ვმუშაობ სამშენებლო მასალების მაღაზიაში. რაც შეეხება იმ ახალგაზრდებს, ვინც ახლა ირჩევს პროფესიას, ვფიქრობ, მათთვის საუკეთესო ვარიანტი იქნება მიჰყვნენ თავიანთი ინტერესების სფეროს, რისი სწავლაც სიამოვნებას ანიჭებთ. ამავე დროს აუცილებლად გასათვალისწინებელია პროფესიის არჩევის დროს ამ პროფესიის მოთხოვნადობა საზოგადოებაში, რამდენად არსებობს დაინტერესება კონკრეტული სფეროს მიმართ სახელმწიფოს და საზოგადოების მხრიდან.
უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში მონაწილეობა მიმიღია სხვადასხვა სახის კონფერენციებში, როგორც ისტორიის, ასევე მაინორად არჩეული პოლიტოლოგიის მიმართულებით. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, უნივერსიტეტის ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ხელშეწყობა იყო როგორც ზემოხსენებული კონფერენციების პერიოდში ინდივიდუალურად სტუდენტების მიმართ, ასევე ფაკულტეტების მხრიდან სხვადასხვა სახის ექსპედიციებსა თუ ღონისძიებებში, რომლებშიც მონაწილეობა მიმიღია.
ვფიქრობ, უნივერსიტეტს შეუძლია კიდევ უფრო გააძლიეროს მხარდაჭერა სხვადასხვა ფაკულტეტების და ამ ფაკულტეტებზე მყოფი გამორჩეული სტუდენტების მიმართ, რაც გამოიხატება თუნდაც მათი სამეცნიერო საქმიანობის მხარდაჭერაში, რაც კიდევ მეტ მოტივაციას მისცემს სტუდენტებს აკეთონ საყვარელი საქმე და თან კიდევ მეტი ისწავლონ და განვითარდნენ.

