რუსუდანი ჯანელიძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება საგანმანათლებლო სფეროში ამ დაწესებულების ხანგრძლივი და მდიდარი გამოცდილების გამო გადავწყვიტე.
ჩემი პროფესია იმიტომ ავირჩიე, რომ განსაკუთრებით დამაინტერესა მართლმსაჯულების, როგორც სახელმწიფო ხელისუფლების ერთ-ერთი ფუნდამენტური ფორმის, განხორციელების პროცესისა და მნიშვნელობის შესწავლამ.
საბაკალავრო საფეხურის დასრულების შემდეგ, სწავლის მომდევნო საფეხურზე გაგრძელების მიზნით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა ავირჩიე.
ვინაიდან საკუთარ თავს აკადემიურ სფეროში ვხედავ, ამჟამად კვლავ ვაგრძელებ თვითგანვითარებასა და შესაბამისი ხარისხის განათლების მიღებას. სწორედ ამიტომ, დროის უმეტეს ნაწილს კვლევითი და ანალიტიკური უნარების დახვეწას ვუთმობ.
ვთვლი, რომ ნებისმიერ სფეროში უწყვეტი კარიერული წინსვლის საფუძველს საკუთარი პოტენციალის სწორი გააზრება, განათლების მიღების პროცესში თავდაუზოგავი შრომა და პროფესიული გამოცდილების შეძენის მიმართულებით, განსაკუთრებული მიზანსწრაფულობა ქმნის.
ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა ირჩევენ პროფესიას, ვურჩევდი, რომ მაქსიმალურად ზუსტად განსაზღვრონ თავიანთი ინტერესები, შესაძლებლობები და მისწრაფებები, რათა სწორად შეარჩიონ სამომავლო საქმიანობის სფერო.
უნივერსიტეტში სწავლის პერიოდი, პროფესიული განათლების მიღებასთან ერთად, როგორც წესი, მოიცავს სტუდენტის კარიერული და პიროვნული განვითარების ხელშეწყობას, სხვადასსხვა საგანმანათლებლო პლათფორმის გამოყენებით. განსაკუთრებით კი, უნდა აღინიშნოს საერთაშორისო პროექტებსა და კონფერენციებში ჩართულობა. როგორც სხვა მრავალი სტუდენტის შემთხვევაში, სტუდენტობის პერიოდი, ჩემთვისაც სწორედ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობასთან ასოცირდება, რადგან სწორედ მსგავსი აქტივობები აუმჯობესებს საუკეთესოდ პიროვნების ანალიტიკურ უნარ-ჩვევებს.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სტუდენტებს მათი იდეების განხორციელებაში. სტუდენტობისას ჩემთვის მეტად ფასეული გახლდათ უნივერსიტეტის მხრიდან გამოჩენილი სერიოზული ყურადღება და მხარდაჭერა სამართლის სამეცნიერო ჟურნალის გამოცემის დროს, სადაც ჩემი პირველი სტატია გამოქვეყნდა.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს მხოლოდ იმას ვურჩევდი, რომ კვლავაც აქტიურად განაგრძოს სტუდენტების მხარდაჭერა და წახალისება.

